კორუფცია

TI: კორუფციისთვის ნასამართლევმა 4-მა პირმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7 442 197 ლარი აიღო

საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილი დარღვევებისა და ბიუჯეტის თანხების მითვისებისთვის გასამართლებულმა ოთხმა პირმა, 2014-2021 წლებში, 80 სახელმწიფო შესყიდვიდან 7 442 197 ლარი მიიღო. 

ერთ-ერთი მათგანია ნოდარ ბალახაშვილი, რომელმაც 2015 წლის აპრილში, ახალციხის მუნიციპალიტეტის ორი ტენდერი უკონკურენტოდ, ფასთა კლების გარეშე მოიგო ჯამში 2 500 ლარის ოდენობით . ორივე შემთხვევაში ნოდარ ბალახაშვილმა მიუთითა, რომ შპს "მშენსერვისი-2012”-თან ინტერესთა კონფლიქტში არ იმყოფებოდა. ასევე, ჩაიბარა სიძის კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები.

ნოდარ ბალახაშვილს თანამდებობის დატოვება 2018 წელს მას შემდეგ მოუხდა, რაც  მის მიერ შედგენილი ახალციხის რვა ქუჩის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების გამო გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. 

2018-2020 წლებში,  ნოდარ ბალახაშვილმა სულ 21 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო და ხელშეკრულებები 129 552 ლარზე გაუფორმდა. აქედან 16 შესყიდვისთვის ახალციხის მერიიდან 102 755 ლარი დაერიცხა.

შემდეგია თამაზ პეტაშვილი, შპს „მესხეთავტოგზას“ დირექტორი და 12% წილის მფლობელი, რომელიც  2018 წლის დასაწყისში, ნოდარ ბალახაშვილთან ერთად პასუხისგებაში მისცეს. პეტაშვილის პასუხისგებაში მიცემიდან მესამე ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებამდე, 2018-2020 წლებში, შპს „მესხეთავტოგზამ“  6 ტენდერი მოიგო და 3 055 565 ლარი დაერიცხა. თამაზ პეტაშვილი 33%-იან წილს  ფლობს კიდევ ერთ სამშენებლო კომპანიაში, შპს „ოცხეში“, რომელმაც ამავე პერიოდში მოიგო  7 ტენდერი და მიიღო 511 665 ლარი.   ჯამში, პეტაშვილის ორივე კომპანიას, სამ წელში, 13 სახელმწიფო შესყიდვით, ხელშეკრულებები 3 567 230 ლარზე გაუფორმდა.

კიდევ ერთი ბრალდებულია შპს „რენესანსი 77“-ისა და შპს „ნიუ პროჯეკტის“ მფლობელი და დირექტორი დავით ჩაჩანიძე, რომელიც 2018 წლის თებერვალში, ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის გაასამართლეს. ჯამში 2018-2021 წლებში შპს „ნიუ პროჯეკტმა“ 15 მოგებული ტენდერით 1 765 580 ლარი მიიღო. აქედან 6 ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო (446 098 ლარი), 3 კი - კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე (400 750 ლარი). ამავე პერიოდში, დავით ჩაჩანიძის მეორე კომპანიას - შპს „რენესანსი 77”-ს 9 სახელმწიფო შესყიდვით 41 951 ლარი დაერიცხა.

და ბოლოს, შპს „სამცხე - XXI“-ს 71,6 % წილის მფლობელი და დირექტორი გურამ ფარცახაშვილი, რომელიც 2014 წელს 33 400 ლარის მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით  პასუხისგებაში მისცეს. ფარცახაშვილის პასუხისგებაში მიცემიდან, 2014 წლის აპრილიდან 2021 წლის თებერვლამდე, შპს „სამცხე - XXI“-მ 18 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო, ჯამში, 1 849 410 ლარზე.

ჯამში, 33 400 ლარის მითვისებაში მსჯავრდებულმა ფარცახაშვილა, 2014-2021 წლებში 22 სახელმწიფო შესყიდვით, 1 937 884 ლარი მიიღო.

 

კომენტარები