ქართული ოცნება

ბოკერია კობახიძეზე: გახარიას კურდღელს ეძახის ამბების გამო, რის შემდეგაც პრემიერად აირჩია

"ადამიანი კურდღელს ეძახის გახარიას იმ ამბების გამო, რის შემდეგაც პრემიერმინისტრად აირჩია. აბსურდულობა და უტიფრობაა". - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს.

გიგა ბოკერიას შეფასებით, მათი განცხადებები კიდევ ერთხელ შეხსენებაა საზოგადოებისთვის, თუ "როგორ უტიფარ, თავხედ და საზიანო რეჟიმთან გვაქვს საქმე".

"ადამიანები უკიდურესი აგრესიითა და უკიდეგანო დამცირების დოზით აღწერენ დღეს ადამიანს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ აცხადებდნენ ყველაზე დიდ მენეჯერად საქართველოს ისტორიაში. პრემიერმინისტრად აირჩიეს იმ ამბების მერე, რისთვისაც ახლა აკრიტიკებენ. რაღაც ბზარი რომ არ მომხდარიყო მათ შორის, ეს ადამიანი ახლაც პრემიერმინისტრი იქნებოდა. 

ამ ადამიანების სიტყვას ფასი არ გააჩნია - მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, იმ მომენტში ოლიგარქთან ვინ არის კარგ ურთიერთობაში, ან რაღაც ინტრიგას ათამაშებს თუ არა. არცერთი მათი სიტყვა არცერთ საქმეში არ დაიჯერება. ივანიშვილი და მისი გარემოცვა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ნებისმიერი რამის მკადრებლები არიან და ამ ყველაფერს ჩვენი აწმყოსა და ჩვენი მოქალაქეების მომავლის ხარჯზე აკეთებენ". - ამბობს ბოკერია.

ირაკლი კობახიძემ და გიორგი გახარიამ ერთმანეთს კურდღელი უწოდეს.  

კომენტარები