დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის სასამართლოს თანახმად, გენდერ-კრიტიკული მოსაზრებები თანასწორობის აქტითაა დაცული

მაია ფორსთეითერი
BBC

დიდ ბრიტანეთში დასაქმების სააპელაციო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული კრიტიკული მოსაზრებები თანასწორობის აქტით არის დაცული. დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფორსთეითერმა​ Twitter-ზე დაწერა, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ბიოლოგიური სქესის შეცვლა, რის შემდეგაც დამსაქმებელმა კონტრაქტი აღარ გაუგრძელა

ფორსთეითერმა სოციალურ მედიაში გააკრიტიკა ხელისუფლების გეგმა, უფლება მიეცათ მოქალაქეებისთვის, თავად განესაზღვრათ საკუთარი გენდერი. ფოსტერი შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ენის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

2019 წელს ფორსთეითერის მცდელობა ტრიბუნალზე დაემტკიცებინა, რომ მისი მოსაზრებები, როგორიცაა – "კაცი ვერ გახდება ქალი", დაცული უნდა იყოს თანასწორობის აქტით, წარუმატებელი აღმოჩნდა. მოსამართლე ჯეიმს ტეილორის დასკვნით, ფორსთეითერის შეხედულებები "აბსოლუტისტური" იყო და მას არ ჰქონდა უფლება უგულებელეყო ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები და "უდიდესი ტკივილი, რომელიც ადამიანს მისი გენდერის არასწორად მოხსენიებამ შეიძლება მიაყენოს".

მოგვიანებით ფოსტერმა დასაქმების სააპელაციო ტრიბუნალს მიმართა.

სააპელაციო ტრიბუნალმა, მოსამართლე ჩოდრის თავმჯდომარეობით, დაადგინა, რომ 2019 წელს ტრიბუნალის გადაწყვეტილება სამართლიანი არ იყო. მოსამართლე ჩოდრის აზრით, ფორსთეითერის შეხედულებები გენდერზე თანასწორობის აქტის ფარგლებშია დაცულია, რადგანაც ისინი არ ლახავდა ტრანსგენდერი ადამიანებს უფლებებს.

სააპელაციო ტრიბუნალის თანახმად, ისევე როგორც ერთი სქესის ადამიანების ქორწინების დაკანონება, არ უზღუდავს ადამიანებს, სჯეროდეთ, რომ მხოლოდ ჰეტეროსექსუალი წყვილები უნდა ქორწინდებოდნენ, კანონმდებლობით ადამიანებისთვის გენდერის თვითიდენტიფიკაციის მიცემის უფლება არ ზღუდავს ადამიანს, სჯეროდეს, რომ ტრანსგენდერი ადამიანის სქესი მათ ბიოლოგიურ სქესს შეესაბამება.

"ორივე მოსაზრება, შესაძლოა, უკიდურესად შეურაცხმყოფელი და შემაშფოთებელი იყოს ბევრისთვის, მაგრამ ეს არის მოსაზრებები, რომლებიც არის და უნდა იყოს მიღებული პლურალისტურ საზოგადოებაში". – ნათქვამია სააპელაციო ტრიბუნალის განჩინებაში.

ტრიბუნალმა განმარტა, რომ ისინი ტრანსგენდერი ადამიანების გენდერული იდენტობის შესახებ არ მსჯელობდნენ. გადაწყვეტილება ასევე არ ნიშნავს, რომ გენდერ-კრიტიკული შეხედულებების ადამიანებს უფლება აქვთ ტრანსგენდერი ადამიანების გენდერი "დაუსჯელად" მოიხსენიონ არასწორად.

ფორსთეითერის დამსაქმებლის, გლობალური განვითარების ცენტრის (CGD) ადვოკატის თანახმად, სააპელაციო ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მარგინალიზებულ ჯგუფებს დისკრიმინაციისა და შევიწროების მხრივ კიდევ უფრო მოწყვლადებს გახდის და დამსაქმებლებზეც უარყოფითად აისახება. ადვოკატის აზრით, გადაწყვეტილება თანასწორობის აქტის ვიწრო ინტერპრეტაციაა.

მაია ფორსთეითერი საქმეზე ახალი ტრიბუნალი შეიკრიბება, რომელიც გადაწყვეტს, მისი სამსახურიდან დათხოვნა იყო თუ არა დაკავშირებული ფორსთეითერის მოსაზრებებთან, რომლებიც თანასწორობის აქტით არის დაცული.

კომენტარები