აშშ-უკრაინა

AXIOS: უკრაინამ NATO-ს წევრობაზე ბაიდენის და ზელენსკის საუბრის შინაარსი არასწორად გადმოსცა

ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი.

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრმა სახლმა და კიევმა განსხვავებული განცხადებები გაავრცელეს. ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს

უკრაინული მხარის თავდაპირველი განცხადების თანახმად, ჯო ბაიდენმა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სრული მხარდაჭერა გამოთქვა და "ხაზი გაუსვა უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების მნიშვნელობას". ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსამსახური ავრცელებდა.

როგორც Axios-ს აშშ-ს უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა უთხრა, უკრაინულმა მხარემ პრეზიდენტების საუბრის შინაარსი არასწორად გადმოსცა და შემდეგ გავრცელებული განცხადება შეცვალა.

ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის ოფისის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბაიდენის მიერ უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა და MAP-ის მნიშვნელობა ნახსენები აღარ არის.

ჩასწორებული განცხადების თანახმად: "ჯო ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და ასევე, აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკის ლიდერშიფი ქვეყანაში ფუნდამენტური რეფორმების გატარებაში, რომლებიც უკრაინელი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებისთვისაა გამიზნული. მან [ბაიდენმა] აღნიშნა, რომ უკრაინის პოზიცია აუცილებლად იქნებოდა გათვალისწინებული NATO-ში სტრატეგიული საკითხების განხილვისას და ასევე, უმაღლესი დონის დაგეგმილი ღონისძიებების დროს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა უკრაინის სახელმწიფოსთვის MAP-ის მინიჭების მნიშვნელობა."

მსგავსი შინაარსისაა თეთრი სახლის ოფიციალური განცხადება სატელეფონო საუბრის შესახებ.

"ლიდერებმა განიხილეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მხარს უჭერს კორუფციასთან ბრძოლისა და რეფორმების დღის წესრიგის გატარებაზე პრეზიდენტი ზელენსკის გეგმას. [რეფორმები] რომლებსაც მოაქვთ სამართლიანობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა უკრაინის ხალხისთვის ეფუძნება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ფასეულობებს და უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ დონბასსა და ყირიმში რუსეთის მიმდინარე აგრესიის პირისპირ. ლიდერებმა განიხილეს ახლო თანამშრომლობის საჭიროება ენერგოუსაფრთხოების და Covid-19-თან ბრძოლის საკითხებში, მათ შორის აშშ-ს გეგმა პანდემიასთან გამკლავებისთვის უკრაინისთვის 900 000 დოზა ვაქცინის გადაცემის შესახებ. პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტი ზელენსკი ზაფხულში  ვაშინგტონში ვიზიტზე მიიწვია". – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის საუბარი 7 ივნისს გაიმართა.

კომენტარები