კათოლიკური ეკლესია

ეკლესიაში სექსუალური ძალადობის ფაქტების გამო, მთავარეპისკოპოსმა მარქსმა ტიტულზე უარი თქვა

მიუნხენის მთავარეპისკოპოსი კარდინალი რაინჰარდ მარქსი

გერმანელმა კარდინალმა რაინჰარდ მარქსმა მიუნხენის მთავარეპისკოპოსის ტიტულის დატოვება ღვთისმსახურთა მიერ ბოლო ათწლეულში გახშირებული სექსუალური ძალადობის ფაქტების გამო გადაწყვიტა. კარდინალი მარქსის გადაწყვეტილება ჯერ პაპმა ფრანცისკემ უნდა დაადასტუროს. 

კარდინალი მარქსის გადაწყვეტილება მოჰყვა პაპი ფრანცისკეს მიერ გერმანიაში, კელნის არქიეპარქიაში ორი ეპისკოპოსის გაგზავნას. სასულიერო პირებს არქიეპარქიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებების გამოძიება ევალებოდათ. 

კარდინალი მარქსი, რომელსაც თავად სექსუალური ძალადობის ბრალი არ ედება, მიიჩნევს, რომ ამ დანაშაულთა ჩადენა ყველა სასულიერო პირის, მათ შორის მისი პასუხისმგებლობაცაა.

"ბოლო ათწლეულებში ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ სექსუალური ძალადობის კატასტროფული სიტუაციის შექმნის პასუხისმგებლობის აღება ჩემს თავზეც მიწევს". – წერს კარდინალი მარქსი პაპისთვის გაგზავნილ წერილში. 

"ბოლო ათი წლის გამოძიებებმა და ანგარიშებმა აჩვენა რომ [სექსუალური ძალადობის ფაქტების მიმართ] მრავალი პიროვნული და ადმინისტრაციული შეცდომა იყო დაშვებული, ასევე იყო ინსტიტუციური, ან სისტემური შეცდომებიც. ჩემთვის რთული საყურებელია ეპისკოპოსთა რეპუტაციის დაზიანება... ვგრძნობ, რომ დუმილის შენარჩუნებით, ქმედებაზე უარის თქმითა და ეკლესიის რეპუტაციაზე ყურადღების მეტისმეტად გამახვილებით მე ჩემი თავიც დამნაშავედ და პასუხისმგებლად ვაქციე". – ამატებს მარქსი წერილში.

კომენტარები