საქართველოსთვის

გახარია ივანიშვილზე: თუ გგონიათ, ვინმე მაიძულებს, ჭორაობა დავიწყო, ამას არ გავაკეთებ

მე ძალიან კარგად მესმის ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად იმისა, ვის რისი მოსმენა უნდა, მე ამ გუნდის ნაწილი ვიყავი და ყველა შეცდომა ჩემი პასუხისმგებლობაცაა და თქვენ თუ გგონიათ, რომ მე ვინმე მაიძულებს ახლა ჭორაობა დავიწყო, რა თქმა უნდა, მე ამას არ გავაკეთებ. თქვენ ამბობთ, რომ ეს არის რაღაც გამზომი ჩემი დამოუკიდებლობისა, მე ამას ასე არ აღვიქვამ. 

გულწრფელად გეტყვით, რა არის ახლა ჩემთვის უაღრესად მიუღებელი. პირველი, დავიწყოთ იმით, რომ პირველივე დღეს რაც ვთქვით, იყო, რომ ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ. არ მითქვამს მე ტყუილი. ეს არის ის ფასეულობები, რაზე დაყრდნობითაც მე ეს ნაბიჯი გადავდგი. უაღრესად სასაცილო სიტუაცია იყო დღეს. ერთი მხრიდან ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იძახის, რომ აგერ ვნახავ, გახარია რას იტყვისო ივანიშვილზეო და დღეს გამოსულა კიდევ ოცნების თავმჯდომარე და იმას უთქვამს, რომ გახარიამ ახსნასო მიშა სააკაშვილის რაღაცო... საერთოდ არ მაინტერესებს. არც ერთს არ უჭირავს გასაღები ქართველი ამომრჩევლის გულთან და არც მეორეს, და საერთოდ, პოლიტიკურ ველზე ვინ იქნება, არც ერთის თავმჯდომარეს არ ეკითხება და არც მეორის. 

სამწუხაროდ, ჩემთვის უაღრესად სამწუხაროდ, ეს უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის. ეს ორი ლექსიკა ძალიან ემსგავსება ერთმანეთს

თქვა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ TV პირველის წამყვანის, დიანა ტრაპაიძის კითხვის პასუხად. ტრაპაიძემ მას ბიძინა ივანიშვილის დახასიათება სთხოვა და ჰკითხა, იყო თუ არა ის დამოუკიდებელი პრემიერი. 

კომენტარები