პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე გახარიაზე: კითხეთ, კორუფციაზე საუბრისას საპარლამენტო ტრიბუნიდან მოიტყუა თუ ახლა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გიორგი გახარია რამდენიმე თვის წინ, საპარლამენტო ტრიბუნიდან ამბობდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არაა, საკუთარი პარტიის პრეზენტაციაზე კი კორუფციის პრობლემაზე ისაუბრა. კობახიძის თქმით, მან უნდა უპასუხოს კითხვას, თუ როდის იტყუებოდა, საპარლამენტო ტრიბუნიდან თუ ახლა.

"რამდენიმე თვის წინ ის [გიორგი გახარია] პარლამენტის წევრებს ეუბნებოდა, საპარლამენტო ტრიბუნიდან, რომ საქართველოში არ იყო არავითარი კორუფცია. დღეს ის საუბრობს კორუფციაზე, როგორც მნიშვნელოვან პრობლემაზე. კითხეთ მას, როდის ტყუოდა, საპარლამენტო ტრიბუნასთან თუ გუშინ, როდესაც აკეთებდა ამ განცხადებას. ეს არის, რა თქმა უნდა, თავდასხმა. ან მაშინ იტყუებოდა, როცა ამბობდა, რომ კორუფცია არ იყო ქვეყანაში, ან ახლა იტყუება". – ამბობს კობახიძე.

27 მაისს, პარლამენტში გახარიას ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ პანდემიის დროს მთავრობის მიერ კომპანიებთან სელექციურ მიდგომაზე დაუსვა კითხვა. კაპანაძემ გიორგი გახარიას ჰკითხა, იყო თუ არა ამაში კორუფციული ინტერესი. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის თავდაპირველ ჩამონათვალში ვერ შევიდნენ კონკრეტული კომპანიები - მაგალითად, სუფთა სახლი, მაშინ როცა, ამ კომპანიის კონკურენტებს მუშაობის უფლება ჰქონდათ. დეპუტატის თქმით, კომპანიების ნაწილი დაზარალდა, რადგან მთავრობას სელექციური მიდგომა ჰქონდა. სერგი კაპანაძემ მაგალითად მოიყვანა მარნეულიდან აგრარული პროდუქტების გატანაზე ერთი კომპანიისთვის ექსკლუზივის მიცემა. 

"რა კორუფცია, ხალხო, შეიძლება, ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რაღაცა, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ" – უპასუხა გიორგი გახარიამ.

პარტია "საქართველოსთვის" პრეზენტაციაზე კი გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა კორუფციაა და ნეპოტიზმია.

კომენტარები