პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: დროა, პარლამენტში შესვლაზე დისკუსია მორჩეს და დავიწყოთ კოორდინაცია არჩევნებისთვის

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, პარტიას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით  გადაწყვეტილება არ შეუცვლია და ამაზე დისკუსია უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, ახლა მთავარია, პოლიტიკურმა პარტიებმა დროულად დაიწყონ კონსულტაციები კოორდინაციის ფორმებთან დაკავშირებით, რათა გაჩნდეს რეალისტური იმედი იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის ვადამდელი არჩევნების მომტანი.

"ამ დროის გასვლის შემდეგ ჩვენი პოზიცია არის ასევე  მკაფიო, როგორც ჩვენ ეს უკვე დავაფიქსირეთ. ამ დისკუსიის უსასრულოდ გაგრძელება არაფერს მოუტანს ჩვენს საზოგადოებას, არ მოუტანს იმ ცვლილებებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება. უმძიმესი კრიზისის პირობებში, რომელიც შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა. ახლა ეს დისკუსია უნდა დასრულდეს, ყველას პოზიცია ცნობილია, ახლა ვისაც აქვს რეალური სურვილი, რომ იყოს ივანიშვილის წინააღმდეგ მშვიდობიან, პოლიტიკურ ბრძოლაში, უნდა გადაერთოს ამ ბრძოლაზე, რაც გულისხმობს უახლოეს დღეებში, ამ კვირის განმავლობაში, კონსულტაციების დაწყებას პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაციის ფორმებთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია, იმისათვის, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს იმედი და რეალისტური იმედი, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის ვადამდელი არჩევნების მომტანი". – ამბობს გიგა ბოკერია.

გუშინ, 30 მაისს ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამოაცხადა. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ბოიკოტი გამოუცხადეს. საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების ნაწილია, თუმცა ენმ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა მანამდე, სანამ პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროს არ დატოვებდა. 

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას თანხმობით ევროკავშირის ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა ფონდმა, EED-მ გირაო გადაიხადა, ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა და თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან კონსულტაციები უნდა გაემართათ.  

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ამ დრომდე ხელს არ აწერს ენმ, თუმცა მას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით ხელი მოაწერეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ. დოკუმენტს ხელს ასევე არ აწერენ ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო  არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 27.18% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა. პარტიამ მე-10 მოწვევის პარლამენტში 36 მანდატი მოიპოვა.

კომენტარები