პოლიტიკური კრიზისი

ოცნება: რადიკალურმა ენმ-მ ფაქტობრივად აღიარა თავისი დესტრუქციული პოლიტიკის მარცხი

ტაბულა

მმართველი პარტიის შეფასებით, ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი გადაწყვეტილებით, "ფაქტობრივად აღიარა მათი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მარცხი".  ამის შესახებ ოცნება twitter-ზე წერს.

"რადიკალურმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც ფაქტობრივად აღიარა მათი დამანგრეველი პოლიტიკური დღის წესრიგის დამარცხება, საქართველოს პარლამენტში ადგილებს იკავებს, ენმ ევროკავშირის შუამავლობით განხორციელებულ პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერაზე უარს აცხადებს, რაც პოლიტიკური კრიზისის დასრულების კონსენსუსის საფუძველია". - წერია ქართული ოცნების განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამოაცხადა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ბოიკოტი გამოუცხადეს. საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების ნაწილია, თუმცა ენმ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა მანამ, სანამ პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროს არ დატოვებდა. 

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას თანხმობით ევროკავშირის ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა ფონდმა, EED-მ გირაო გადაიხადა, ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა და თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან კონსულტაციები უნდა გაემართათ.  

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ამ დრომდე ხელს არ აწერს ენმ, თუმცა მას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით ხელი მოაწერეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ. დოკუმენტს ხელს ასევე არ აწერენ ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო  არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 27.18% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა. პარტიამ მე-10 მოწვევის პარლამენტში 36 მანდატი მოიპოვა.

კომენტარები