FACTCHECK

FACTCHECK: ქართული ოცნების დეპუტატი ხულოდან ჩვენს ჟურნალისტს დაემუქრა

მედიაპროექტ ფაქტ-მეტრის ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატი ხულოდან, ნუგზარ სოლომონიძე ჟურნალისტ ნაზი რეხვიაშვილს ემუქრება. 

მათი ცნობით, საკრებულოს დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია მის მიერ TV 25-ისთვის მიცემული ინტერვიუს FACEBOOK-ზე გაზიარებამ

"ნუგზარ სოლომონიძე შეურაცხმყოფელი ტერმინებით იხსენიებს ჩვენს ანალიტიკოსს და ემუქრება. დეპუტატი წერს: "მოვა დრო და მიხვდები, რა საფრთხეში გააბი შენი მომავალი. ვერ გიცნივარ". 

ჟურნალისტებზე მუქარა და ზეწოლა დაუშვებელია. ამგვარი ქმედებები, ერთი მხრივ, საფრთხის ქვეშ აყენებს კონკრეტული ადამიანის ფიზიკურ უსაფრთხოებას, ხოლო მეორე მხრივ, დემოკრატიული განვითარების პროცესს, ვინაიდან მიზნად ისახავს კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გაჩუმებას და, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტიც კი იქონიოს

მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თავს აძლევენ უფლებას, ჟურნალისტებს დაემუქრონ, დაისაჯონ კანონის შესაბამისად. ფაქტ-მეტრი მოუწოდებს სახალხო დამცველს, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით. ასევე, ჩვენი ანალიტიკოსი მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს შესაბამისი განცხადებით".- აღნიშნულია FACTCHECK-ის განცხადებაში. 

ჟურნალისტი ნაზი რეხვიაშვილი წერს, რომ "მედიაზე თავდასხმა და შეურაცხყოფის მიყენება არის სიმდაბლე, დანაშაული და უღირსი საქციელი, განსაკუთრებით პოლიტიკოსისა და საჯარო პირის მხრიდან". 

თავად დეპუტატმა ბათუმელებთან საუბარში აღნიშნული მუქარა არ უარყო და აღნიშნა, რომ "ყველას მიხედავს", ვინც მის პირადულს შეეხო. 

ნუგზარ სოლომონიძე ქართული ოცნების დეპუტატი 24 მაისს გახდა. 

 

კომენტარები