ISFED

ISFED: ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი დაუსაბუთებელია და ნაჩქარევად მიმდინარეობს

სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი სათანადოდ დასაბუთებული არ არის და აჩენს განცდას, რომ რეორგანიზაცია ნაჩქარევად მიმდინარეობს. 

ორგანიზაციის განცხადებით, ამას მოწმობს,  5-მარტი - 14 მაისის პერიოდი, როცა რეგლამენტში ორჯერ მოხდა ცვლილება და ახლად შექმნილ დეპარტამენტებში მოკლე ვადაში რეფორმაციის პროცესი განახლდა. 

"2021 წლის 4 მარტს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საარჩევნო კომისიის აპარატის რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო და მიზნად მითითებული იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქნილობისა და ეფექტიანობის ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაცია შტატების შემცირებას არ ისახავს მიზნად, პროცესი საყურადღებოა, რადგან ითვალისწინებდა, ერთი მხრივ, ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანური რესურსების ახლებურ გადანაწილებას".- აღნიშნულია განცხადებაში. 

სამართლიანი არჩევნები აცხადებს, რომ ორგანიზაცია იმთავითვე დაინტერესდა ცესკოს აპარატში მიმდინარე რეორგანიზაციით. შესაბამისად, მიმართა ცესკოს და გამოითხოვა ინფორმაცია რეორგანიზაციის   საჭიროებისა და სამართლებრივი საფუძვლების გამოკვლევის მიზნით. ასევე, დაინტერესდა საკადრო ცვლილებების საკითხით. მათივე ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციისგან მიღებული პასუხი არ შეიცავდა სრულ ინფორმაციას დასმულ საკითხებთან დაკავშირებით და ზოგადი ფორმულირებით შემოიფარგლებოდა. 

"საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ცესკოს ახლებურ დაკომპლექტებასა და გარკვეული საკითხების სხვაგვარად მოწესრიგებას ისახავს მიზნად, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და პილოტირება, საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება და სხვა.  ამ ფონზე, მოსალოდნელია, რომ საარჩევნო რეფორმის კვალდაკვალ, საარჩევნო ადმინისტრაციაში უფრო ფართო სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების საჭიროება გაჩნდეს. გარდა ამისა, რეფორმის დასრულებამდე, ცესკოს  არასრული შემადგენლობის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მოკლებული იქნება მაღალ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, საზოგადოების ნდობას, მით უფრო, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრების არარსებობის პირობებში".- ვკითხულობთ განცხადებაში. 

ISFED მიიჩნევს, რომ ფაქტორებისა და დროის გათვალისწინებით, მიზანშეუწონელია ცესკოს აპარატის სტრუქტურული ცვლილებები.  ნებისმიერი ინსტიტუციური გარდაქმნა უნდა განხორციელდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების შემდეგ. შესაბამისად,  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეფორმის დასრულებამდე უნდა შეაჩეროს მიმდინარე სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, რადგან ეს, ერთი მხრივ, გაუგებარია მიმდინარე რეფორმის ფონზე, ხოლო მეორე მხრივ, მოკლებულია ლეგიტიმაციას ცესკოს სრულად დაკომპლექტებამდე.

კომენტარები