პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია არ იყო მკაფიო ისრაელთან დაკავშირებით

დიმა ჩიკვაიძე

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის განცხადებას გამოეხმაურა ისრაელსა და ღაზას სექტორში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

"ჩვენი ინტერესი, ისევე როგორც ყველა ნორმალური ადამიანის და საზოგადოების, არის მშვიდობა და სისხლისღვრის შეწყვეტა რეგიონში. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ქვეყნის, ამ შემთხვევაში კი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ისრაელის ფუნდამენტური, სუვერენული უფლებაა, დაიცვას საკუთარი თავი.

სამწუხაროა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყო მკაფიო. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ისრაელი საქართველოს მოკავშირე სახელმწიფოა და მას გააჩნია სრული უფლება და მოვალეობა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე არსებული საფრთხისაგან". - ამბობს გიგა ბოკერია.

11 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ისრაელსა და პალესტინის მმართველ ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

"საქართველოს ხელისუფლება თვალს ადევნებს ისრაელში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, საქართველო გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმების გამოყენებას სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, რაც რეგიონში სიმშვიდეს არღვევს და არასტაბილურობას ქმნის". - წერს დავით ზალკალიანი.

ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ბოლო რამდენიმე დღეში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალიმის გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდნენ. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს. 

კომენტარები