პირველკლასელთა რეგისტრაცია

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 13 მაისიდან იწყება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 13 მაისს დაიწყება და 5 ივნისს დასრულდება. 

განათლების სამინისტროს ცნობით, ბავშვების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე http://registration.emis.ge .

რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაციის ბოლო IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში მოხდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით:

  • მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.

მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენად აუცილებელია:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

იხილეთ საჯარო სკოლების ელექტრონული ფოსტების მისამართები

კომენტარები