პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: შევთანხმდით, ძველი პირადობის მოწმობით არჩევნებში მონაწილეობა არ იქნება შესაძლებელი

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მომავალ არჩევნებში მოქალაქეებს ძველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით მონაწილეობის მიღება აღარ შეეძლებათ და მათ პირადობის ელექტრონული მოწმობა (ID ბარათი) დასჭირდებათ. ამის შესახებ ვაშაძემ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომელშიც მონაწილეობას ოპოზიცია და ხელისუფლება იღებს. 

"ერთი კონკრეტული შედეგი შემიძლია გითხრათ, პრინციპში, რაზეც უკვე შევთანხმდით კიდეც – ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება, მხოლოდ ID იქნება, რაც არის უკვე ძალიან მაგარი მიღწევა ერთი საათის მუშაობის შედეგად. კიდევ რა იქნება, ტექნოლოგიური საკითხები გავცვალეთ". – თქვა ვაშაძემ საზმაუს ცნობით. 

ოპოზიციამ ხელისუფლებასთან ერთად ევროპისა და აშშ-ს მხარეების ჩართულობით საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კაჭრეთში შეხვედრა გამართა. გიორგი ვაშაძემ სხვა საარჩევნო ინოვაციებზეც ისაუბრა, მათ შორის, გარმონისებრ ბიულეტენებზე.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

ამბიციური საარჩევნო რეფორმა შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია. დოკუმენტის თანახმად, ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა იყოს მიღებული პარლამენტის მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.

კომენტარები