სანქციების გამკაცრება

კოჟორიძე: პრეზიდენტის შეხვედრები ოპოზიციასთან ტოვებდა აღქმას, რომ ის ვეტოსთვის ემზადებოდა

გადაცემა ფოკუსი/ტაბულა

პარტია ლელო საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრის, კახა კოჟორიძის თქმით, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით შეხვდა ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერებს, მის პარტიას უტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ზურაბიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებას აპირებდა.

.პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 7 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ის არ აპირებს ვეტო დაადოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო და რომლის მიხედვითაც, მკაცრდება სანქციები პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლების შემთხვევებში. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეთანხმება ოპოზიციას, რომ კანონის დაჩქარებული წესით მიღება არ შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას, თუმცა, მისივე მტკიცებით, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები არ აქვს. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტი ორი დღის განმავლობაში ხვდებოდა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს. 


29 აპრილს, პარლამენტმა საბოლოო მოსმენით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის, ასევე, გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, მისი მოსმენა 28 აპრილს დაიწყო, 29 აპრილს პლენარულ სხდომაზე კი მეორე და მესამე მოსმენა ერთი საათის შუალედით გაიმართა და 72 დეპუტატის თანხმობით ცვლილებები პარლამენტმა დაამტკიცა.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით კი, კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებულად, რაციონალური დასაბუთების გარეშე განიხილა, ხოლო ნორმები ხშირად ხელისუფლების მხრიდან რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული. 

სანქციების გამკაცრებას გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს საელჩოც. 

"ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით". – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები