მოსკოვში Pussy Riot-ის კიდევ ერთი წევრი, ვერონიკა ნიკულშინა, ყოველგვარი ახსნის გარეშე დააკავეს.
ნიკულშინამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 7 მაისს ოთხი პოლიციელი მის სახლთან მივიდა და ახსნის გარეშე წაიყვანეს.
მისი ადვოკატის თქმით, ის პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.
Interfax პოლიციის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ის იმიტომ დააკავეს, რომ 9 მაისის სამხედრო აღლუმის რეპეტიციის დროს "შესაძლო პროვოკაციები თავიდან აერიდებინათ".
Pussy Riot-ის წევრები რუსეთში ხშირად სხვადასხვა ანტისამთავრობო აქციებს მართავენ და რუსეთში ადამიანის უფლებების საკითხს აყენებენ.
მათ წევრებს ხშირად აკავებენ. მაგალითად, დეკემბრში Pussy Riot-ის წევრი, მარგარიტა კონოვალოვა, მოსკოვში პოლიციის ძალადობის საწინააღმდეგო აქცია-პერფორმანსის გამართვისთვის დააკავეს. ოქტომბერში Pussy Riot-ის წევრებმა ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეზე რუსეთის სამთავრობო შენობებზე ლგბტ დროშები დაკიდეს. აქციის შემდეგ მასში მონაწილე ათამდე წევრი დააპატიმრეს და ჯარიმების გადახდა დააკისრეს.
ჯგუფი 2012 წელს განსაკუთრებით პოპულარული გახდა, მას შემდეგ, რაც მისი წევრები ნადეჟდა (ნადია) ტოლოკონნიკოვა და მარია ალიოხინა დააპატიმრეს მოსკოვის ტაძარში ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ დადგმული პერფორმანსის გამო. 2014 წელს მათ Mediazona დააფუძნეს.