პოლიტიკური კრიზისი

კორძაია: მელია მზად არის, ითანამშრომლოს ყველასთან, რომ არჩევნებზე ოცნებამ 43% ვერ მიიღოს

www.geonews.ge

"ნიკა მელია მზად არის, ციხიდან გამოსვლისთანავე გააგრძელოს ყველასთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ მიიღოს 43% ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე“. - უთხრა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას საპატიმროში მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს. 

"ნიკა მელიას პოზიციაა სამომავლოდ ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია, რადგან ის მჭიდრო კოორდინაციის გარეშე ვერ ხედავს ოპოზიციის მიერ თვითმართველობის არჩევნებზე 58%-ის აღების შესაძლებლობას". - ამბობს კორძაია.

რაც შეეხება ამნისტიის კანონს, კორძაიას თქმით, მელიას პოზიცია ამასთან დაკავშირებით უცვლელია. მისივე თქმით, მელია ფიქრობს, რომ მისი გათავისუფლება ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული.

"ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით ნიკას გაეღიმა, როდესაც შეკითხვა დავუსვი. ის ამბობს, რომ მისი პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით ისევ უცვლელია. ეს უკვე გაჟღერებულია. ის ამბობს, რომ მისი გათავისუფლების გასაღები ქართული ოცნების ხელშია და მას შეუძლია, ეს გასაღები გადაატრიალოს". - ამბობს კორძაია.

კორძაია იმედს გამოთქვამს, რომ ნიკა მელია უახლოეს დღეებში თავისუფალი იქნება და სამომავლო გეგმებზე თავად ისაუბრებს.


პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

ქართული ოცნების ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც ჩაიდინა დანაშაული, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა, ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი.

ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც უარს აცხადებს ამნისტიის გავრცელებაზე და ასევე არ ეხება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგ მუხლებს: 117-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და  144-ე პირველი პრიმა და 144-ე მესამე პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს - წამება, მუქარა, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა. კანონპროექტში არ წერია არაფერი დაზარალებულის თანხმობის შესახებ. 

ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (გიორგი რურუას და ნიკა მელიას).

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები