პოლიტიკური კრიზისი

წილოსანი სანქციების გამკაცრებაზე: ოპოზიციის გულისტკივილი პროცესში არჩართვა უნდა იყოს

"ოპოზიციას ერთადერთი გულისტკივილი იმაზე უნდა ჰქონდეს, რომ არ ჩაერთო პროცესში და არ მიიღო მონაწილეობა ამ ცვლილებების მიღებაში". - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი კანონპროექტზე საუბრისას, რომელიც სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო მუშაობის ფარგლებში, ეს იქნებოდა საკომიტეტო თუ სასესიო, მათი შენიშვნები და ობიექტური ახსნა-განმარტებები აუცილებლად იქნებოდა მიღებული". - ამბობს წილოსანი.

ნინო წილოსანის თქმით, ოპოზიციური პარტიების წევრების პრეზიდენტთან კონსულტაციები გაუგებარია. წილოსანი ამბობს, რომ, იმედია, ისინი დეტალურად ახსნიან, თუ რატომ მოითხოვენ პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას, რადგან, მისივე სიტყვებით, ცვლილებები "სრულ თანხვედრაშია კონსტიტუციასთან". 

ოპოზიციური პარტიების წევრები, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან. შეხვედრაზე შესვლამდე ენმ-ის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ისაუბრა კანონპროექტზე, რომელიც სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. სამადაშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციით კანონპროექტის შეჩერების ყველაზე სწრაფი გზა ვეტოს დადებაა. ის, რომ პრეზიდენტთან შეხვედრისას კანონპროექტზე ისაუბრეს, დაადასტურეს გირჩისა და მოქალაქეების წევრებმაც.

29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირაქართული ოცნების კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 

სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამკაცრებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო და დაწერა, რომ ქართულმა ოცნებამ, ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციის არგამართვის გამო "მოლოდინი არ გაამართლა". 

კომენტარები