აშშ

აშშ COVID-19-ის ვაქცინების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მათ პატენტებზე წვდომას უჭერს მხარს

ჯო ბაიდენი

აშშ-მ მხარი დაუჭირა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაჩენილ ინიციატივას, უარი ითქვას ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებებზე და ვაქცინების პატენტი ხელმისაწვდომი გახდეს უფრო ფართო წარმოებისთვის.

ინიციატივა თავდაპირველად ინდოეთმა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ წამოაყენეს. ქვეყნები ამბობენ, რომ ვაქცინებზე საავტორო უფლებების გაუქმება მათ წარმოებას გაზრდის. ინიციატივას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დაახლოებით 60 ქვეყანა ემხრობა. ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გაუქმებაზე საუბარი უკვე 6 თვეა, გრძელდება. თავდაპირველად ინიციატივას დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ბაიდენი ამბობდა, რომ ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გაუქმებას ემხრობა და ახალა ბაიდენის ადმინისტრაციამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურად შეცვალა აშშ-ს პოზიცია.

"ეს ჯანდაცვის გლობალური კრიზისია, განსაკუთრებული მდგომარეობა Covid-19-ის პანდემიაში განსაკუთრებულ მოქმედებას ითხოვს" - თქვა ქეთრინ ტაიმ, აშშ-ს წარმომადგენელმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.

ინიციატივის მხარდამჭერები ამბობენ, რომ დამტკიცების შემთხვევაში, გაიზრდება ვაქცინების წარმოება და ნაკლებად მდიდარი ქვეყნებისთვის ვაქცინები უფრო ხელმისაწვდომი გახდება. განვითარებადი ქვეყნების დიდი ნაწილი თვლის, რომ რეგულაციები, რომლებიც ვაქცინების პატენტს და მათზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს იცავს, ხელს უშლის ვაქცინების და პანდემიასთან გამკლავებისთვის საჭირო სხვა პროდუქტების წარმოებას. 

ინიციატივისთვის მხარდაჭერის მოპოვებას დრო დასჭირდება. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღებისთვის 164-ვე წევრის თანხმობაა საჭირო.

ქეთრინ ტაი აქტიურად ხვდება სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს და საკითხი გასულ თვეში დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის მდივანთანაც განიხილა.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრეზიდენტი გასულ თვეს BBC-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ, თუ მწარმოებლები მსოფლიოს ვაქცინებს საჭირო რაოდენობით ვერ მიაწოდებენ, მათ წარმოების ტექნოლოგიის გაზიარება მოუწევთ.

ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა აშშ-ს გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა. გებრეისუსმა აღნიშნა, რომ  ეს ძალიან დიდი ნაბიჯია კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ფარმაცევტული კომპანიები უარყოფენ, რომ პატენტები და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები წარმოებას ხელს უშლის. კომპანიები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ინოვაციებს ხელი შეუშალოს. ფარმაცევტული მწარმოებლებისა და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ ბაიდენის გადაწყვეტილებას იმედგაცრუება უწოდა.

კომენტარები