საარსებო შემწეობა

საარსებო შემწეობის მიმღებ მოქალაქეთა მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

საქართველოში, წინა წელთან შედარებით, 2021 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით 83 ათასით გაიზარდა.  ინფორმაციას ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს 

თუკი გასული წლის მარტში დახმარებას 458 000 ადამიანი იღებდა, 2021 წლის მარტში ეს რიცხვი 541 764-მდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და მთლიანი მოსახლეობის 14.5%-ია,  აქედან სულ 151 ათასი ოჯახი იღებს შემწეობას. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, მარტის განმავლობაში სოციალური შემწეობის სახით სულ 30.15 მილიონი ლარი დარიგდა, რაც ერთ ბენეფიციარზე თვეში 56 ლარს შეადგენს.

რეკორდული მაჩვენებელი უკავშირდება COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისს. 2021 წლის პირველი კვარტალში ეკონომიკის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2% შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ  3.5% იქნება. წინა პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 4.3% უნდა ყოფილიყო.

ხოლო გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. თვალსაჩინოებისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ამაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა ბოლოს 26 წლის წინ, 1994 წელს დაზარალდა, მაშინ ქვეყნის ეკონომიკა 10.4%-ით შემცირდა. ეკონომიკური კლება თითქმის ორჯერ ნაკლები იყო 2009 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიისა და გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, მაშინ საქართველოს ეკონომიკა 3.6%-ით შემცირდა  

კომენტარები