დეპრესიის დიაგნოსტირება სისხლის ანალიზით

დეპრესიის დიაგნოსტირება და პროგნოზირება, შესაძლოა, სისხლის ანალიზით მოხდეს

დეპრესია მძიმე დაავადებაა, რომლის დიაგნოსტირება და მკურნალობა რთულია. ეს ფსიქიკური აშლილობა მრავალ ადამიანს სუიციდისკენ უბიძგებს, ზოგჯერ კი, ბიპოლარული დეპრესიის დროს, მანიაკალურ პერიოდებსაც მოიცავს. დეპრესია ფართოდაა გავრცელებული – მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში 4-დან 1 ადამიანი, სიცოცხლის გარკვეულ ეტაპზე, დეპრესიის სიმპტომებს ავლენს. 

გავრცელების მიუხედავად, დეპრესიის დიაგნოსტირება მეტწილად სუბიექტურ შეფასებას მოიცავს – პროფესიონალი პაციენტთან გასაუბრების შემდეგ, ამ უკანასკნელის ჩივილებსა და სიმპტომებს წინასწარ შემუშავებულ ჩარჩოს არგებს და მდგომარეობის სიმძიმისა და მკურნალობის გზების შესახებ დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას. დიაგნოსტირების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, სამეცნიერო საზოგადოება დიდი ხანია, ცდილობს, ბიოქიმიური ტესტი შეიმუშაოს, რომელიც დაავადების არსებობის, სიმძიმის ან არ არსებობის შემთხვევაში, განვითარების რისკებზე მოგვცემს სანდო ინფორმაციას. 

ინდიანას უნივერსიტეტის ნეირომეცნიერები, ალექსანდერ ნიკულესკუს ხელმძღვანელობით, ამტკიცებენ, რომ მათ სწორედ ასეთ მეთოდს მიაგნეს.

დოქტორი ნიკულესკუ და მისი გუნდი ბოლო 15 წლის განმავლობაში ასობით ადამიანის სისხლის ნიმუშზე მუშაობდნენ. მათ მიზანს ანალიზიდან იმ რნმ-ტიპის მოლეკულების გამოცალკევება წარმოადგენს, რომელიც დეპრესიასთან ასოცირებული გენების დნმ-დან მომდინარეობენ. სისხლის ნიმუშზე დაკვირვებით და მასში არსებული სპეციფიკური რნმ-მოლეკულების დათვლით, იმ გენების აქტივობის შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის მიღება, რომლებიც დეპრესიის განვითარების რისკსა და სიმძიმეზე ახდენენ გავლენას. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მაღალია დეპრესიასა თუ მანიასთან დაკავშირებული გენების აქტივობა, მით მეტია მათი შესაბამისი რნმ მოლეკულების ოდენობა სისხლში. 

ნიკულესკუს გუნდის ბოლო კვლევის შედეგად, რომელიც ცდისპირთა 8 განსხვავებულ ჯგუფს მოიცავდა – თითოეულში 97-226 ცდისპირით – 13 მნიშვნელოვანი მარკერი გამოვლინდა. ამ 13 რნმ-ტიპის მარკერზე დაყრდნობით არამხოლოდ დეპრესიისა და მისი სიმძიმის შეფასება, არამედ მისი პროგნოზირებაც შეიძლება. 13 მარკერიდან 6 კონკრეტულად დეპრესიის დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს, მეორე 6 – ბიპოლარული აშლილობის, 1 მათგანი კი  სპეციფიკურად ბიპოლარულ აშლილობაზე მიუთითებს. 

მარკერების ნაწილი იმ გენებს წარმოადგენს, რომლებიც, მაგალითად, დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიდეპრესანტებზე, ორგანიზმის რეაგირებას არეგულირებს. შედეგად, ნიკულესკუს მიხედვით, სისხლის ანალიზმა, შესაძლოა, იმის შესახებაც მოგვცეს ინფორმაცია, თუ რომელი ტიპის ანტიდეპრესანტი იმუშავებს კონკრეტული ადამიანისთვის ყველაზე ეფექტიანად. 

ნიკულესკუმ და მისმა კოლეგამ, ანანტა შეკარმა უკვე დააფუძნეს კომპანია – MindX Sciences – რომელიც რეგულატორისგან დამატებითი კვლევების ჩატარებისა და ტესტის სამედიცინო მიზნით გამოყენების უფლების მიღებას ეცდება. წარმატების შემთხვევაში, სამომავლოდ, მარკერების იდენტიფიცირება, შესაძლოა, ნერწყვის ნიმუშზე დაყრდნობით მოხდეს.

კომენტარები