ევროკავშირი-რუსეთი

ევროკავშირმა რუსეთის ელჩი რუსეთის მიერ სანქციების დაწესების გამო დაიბარა

ილზე იუჰანსონი/ვლადიმირ ჩიჟოვი/სტეფანო სანინო

ევროკომისიის გენერალურმა მდივანმა, ილზე იუჰანსონმა და  საგარეო პოლიტიკის სამსახურის გენერალურმა მდივანმა, სტეფანო სანინომ, ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ლადიმირ ჩიჟოვი რუსეთის მიერ ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების გამო დაიბარეს.

"ელჩი ჩიჟოვი ინფორმირებული იყო ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების მიერ ამ გადაწყვეტილების მტკიცე მიუღებლობისა და დაგმობის შესახებ. ეს გადაწყვეტილება იყო წმინდად პოლიტიკურად მოტივირებული და არ აქვს რაიმე სამართლებრივი გამართლება". – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

იუჰანსონმა და სანინომ ასევე გამოთქვეს შეშფოთება რუსეთის მიერ ჩეხი დიპლომატების გაძევების შესახებ და "არამეგობრული ქვეყნების" სიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, რომელთა ფარგლებშიც ამ სიაში შესული ქვეყნების საელჩოები სამსახურში ვერ აიყვანენ რუსეთის ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს.

იუჰანსონი და სანინო აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები.

თავის მხრივ, ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლობა ამბობს, რომ ჩიჟოვმა განმარტება გააკეთა რუსეთის გადაწყვეტილების შესახებ.

"საუბრისას განხილული იყო ევროკავშირისა და რუსეთის ახლანდელი ურთიერთობა. მხარეებმა გამოთქვეს წუხილი ბოლო დროს ამ ურთიერთობების გაუარესების ტენდენციასთან დაკავშირებით". – ნათქვამია რუსეთის წარმომადგენლობის განცხადებაში.

30 აპრილს რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და სხვა ოფიციალურ პირებს, მთლიანობაში 8 ადამიანს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა და გადაადგილება აეკრძალებათ. რუსეთის სანქციები პასუხია მარტში ევროკავშირის მიერ ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე.

კომენტარები