დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც პოლიციის უფლებამოსილებას გაზრდის

Reuters

ლონდონში 1000-ზე მეტმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა. დემონსტრანტები ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც პოლიციის უფლებამოსილებას გაზრდის. პროტესტის მონაწილეები კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ. მსგავსი საპროტესტო აქციები გაიმართა ინგლისისა და უელსის სხვა ქალაქებშიც.

პოლიციის თანახმად, ლონდონში 9 ადამიანი დააკავეს.   

ახალი კანონპროექტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას სურს, გაზარდოს პოლიციის უფლებამოსილება, რაც სამართალდამცველებს საშუალებას მისცემს, შეაჩეროს მშვიდობიანი პროტესტი, რომელსაც საზოგადოებაზე "მნიშვნელოვნად მავნე ეფექტი" აქვს.

კანონმდებლობა მიზანში ამოიღებს ისეთ ჯგუფებს როგორიცაა, მაგალითად, გარემოს დაცვის აქტივისტთა ჯგუფი Extinction Rebellion-ი. ჯგუფმა ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე პროტესტი მოაწყო, რომლის დროსაც ჯგუფის წევრებმა გადაკეტეს ხიდები და საკუთარი თავები მატარებლებზე მიაბეს. შაბათს, პირველ მაისს ლონდონის თაუერის ხიდი დაახლოებით ერთი საათი ცალმხრივად დაკეტილი იყო, რადგან დემონსტრანტმა თავი გზაზე მიიწება.

მაშინებს ფაქტი, რომ მათ სურთ პროტესტი დაკავებით დასჯად დანაშაულად აქციონ. ვფიქრობ, რომ [ცვლილებას] გამართლება არ აქვს, რადგანაც პროტესტის იდეაა, რომ ხელისშემშლელი იყოს და ხალხის ყურადღება მიაპყროს გადაუდებელ, მიმდინარე საკითხს". - ამბობს ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, ჯეიდ რეა

მარტში ლონდონის პოლიციამ მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, მას შემდეგ რაც მოკლული ქალის, სარა ევერარდის მოსახსენიებელი სამშვიდობო აქცია ძალადობრივად დაშალა. სარა ევერარდის გატაცებასა და მკვლელობაში ლონდონის პოლიციის ოფიცერია ბრალდებული.

კომენტარები