პოლიტიკური კრიზისი

ხაზარაძე თვითმართველობის არჩევნებზე: ვფიქრობთ, უნდა გვყავდეს ჩვენი კანდიდატი

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, პარტიაში ფიქრობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი უნდა ჰყავდეთ.

ხაზარაძემ ამის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ არჩევნებზე საჭიროა, ოპოზიციას შორის კოორდინაცია და კონკურენცია იყოს.

"მე ვფიქრობ, ახალი სახეები უნდა იყოს წარმოჩენილი ადგილობრივ არჩევნებზე, მერის არჩევნებზეც. იმიტომ, რომ მერის არჩევნები არ განსაზღვრავს 43%-ს, პროპორციული დათვლა განსაზღვრავს და არა მარტო თბილისის, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამიტომ, ჩვენი ფორმულა, კიდევ ვიმეორებ, ძალიან ნედლ ფორმულას გეუბნებით, მაგრამ ჩვენი ფორმულა უნდა იყოს, რომ ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინაციაში და უნდა იყოს კონკურენცია ოპოზიციას შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ პარტია და ჩვენ უნდა გვყავდეს ჩვენი კანდიდატი [თვითმართველობის არჩევნებზე]", - თქვა ხაზარაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობის, თვითმართველობის არჩევნებზე მიბმაა - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, მათ შორის ლელომ და ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმ, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია. 

კომენტარები