COVID-19-ის ვაქცინები

EU: რუსეთი და ჩინეთი დეზინფორმაციის კამპანიით დასავლური ვაქცინების უნდობლობას აღვივებენ

Covid-19-ის პანდემიის შესახებ დეზინფორმაციაზე საგარეო კავშირების ევროპული სამსახურის (EEAS) ანგარიშის თანახმად, რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ, დეზინფორმაციის კამპანიით დასავლური ვაქცინებისადმი უნდობლობა გააღვივონ.

ანგარიში დეკემბერ-აპრილის პერიოდის მიმოხილვას მოიცავს. ანგარიშის თანახმად, ორი ქვეყნის სახელმწიფო მედიები სხვადასხვა ენაზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ ინტერნეტით. ეს ცრუ ინფორმაცია აღვივებს ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ეჭვებს, დაუსაბუთებლად აკავშირებს აცრის გაკეთებასა და გარდაცვალებებს ევროპაში და ჩინური და რუსული ვაქცინების უპირატესობას წარმოაჩენს.

"განსაკუთრებით რუსეთი და ჩინეთი აგრძელებენ ინტენსიურად საკუთარი ვაქცინების წინ წაწევას მსოფლიოს მასშტაბით. ე.წ "ვაქცინების დიპლომატია" ნულოვანი ჯამის ლოგიკას მიჰყვება და მოქმედებს დეზინფორმაციასა და მანიპულაციურ მცდელობებთან ერთად, გააჩინოს უნდობლობა დასავლეთში შექმნილი ვაქცინების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და დასავლეთის/ევროპის ვაქცინაციის სტრატეგიების მიმართ. ამ მიზნების მისაღწევად ორივე, რუსეთი და ჩინეთი, იყენებს მთავრობის მიერ კონტროლირებულ მედიას, მედიის ქსელებს და სოციალურ მედიას, მათ შორის ოფიციალური დიპლომატიური მისიების სოციალური მედიის ანგარიშებს."

ანგარიშის თანახმად, 2021 წლის დასაწყისიდან აღირიცხა 100-ზე მეტი ახალი, პრორუსული დეზინფორმაციული განცხადება ვაქცინების შესახებ.

კრემლი და პეკინი დეზინფორმაციის ბრალდებებს უარყოფს. ევროკავშირის სამსახური რეგულარულად აქვეყნებს დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ ანგარიშებს და Google-თან, Facebook-თან, Twitter-თან და Microsoft-თან თანამშრომლობს, რათა შეზღუდოს დეზინფორმაციის გავრცელება.

"ანგარიში დეზინფორმაციაზე, რომელსაც არ აქვს ფაქტობრივი საფუძველი, თავად არის დეზინფორმაციის მაგალითი" - ნათქვამია ევროკავშირში ჩინეთის მისიის ოფიციალურ განცხადებაში.

დეზინფორმაციის გავრცელებას უარყოფს რუსეთიც. ვლადიმირ პუტინმა უცხოელი მტრები დაადანაშაულა კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით რუსეთის სამიზნეში ამოღებაში.

ანგარიშის თანახმად, AstraZeneca-ს ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები, ამ ვაქცინის და Johnson & Johnson-ის ვაქცინის იშვიათი გვერდითი ეფექტებიც დეზინფორმაციის კამპანიაში აქტიურად გამოიყენება.

"ჩინურმა ოფიციალურმა არხებმა და და პრორუსულმა მედიამ გაამძაფრეს ინფორმაცია დასავლური ვაქცინების შესაძლო გვერდით ეფექტებზე, საერთაშორისო მედიის ინფორმაცია არასწორად წარმოაჩინეს და მისცეს სენსაციის ხასიათი, დაუკავშირეს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას გარდაცვალებები ნორვეგიაში, ესპანეთში და სხვაგან". - ნათქვამია ანგარიშში.

ჩინეთმა საკუთარი ვაქცინები წარმოაჩინა როგორც "გლობალური საზოგადოებრივი სიკეთე" და "უფრო შესაფერისი განვითარებადი ქვეყნებისა და დასავლეთ ბალკანეთისთვის".

"ჩინეთი აგრძელებს თავისი ვაქცინების წარმოჩენას "გლობალურ საზოგადოებრივ სიკეთედ", აქცენტს აკეთებს ხელმისაწვდომობასა და ჩინური ვაქცინების სტაბილურ მიწოდებაზე, წარმოაჩენს მათ უფრო შესაფერისად განვითარებადი ქვეყნებისა და დასავლეთ ბალკანეთისთვის. წარმატების ასეთი წარმოჩენის საპირწონედ ჩინეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად არხებზე პანდემიაზე დასავლეთის რეაგირება ნეგატიურად არის წარმოჩენილი. ჩინური სამთავრობო არხები ეყრდნობა დეზინფორმაციულ ნარატივებს, რათა გააღვივოს ეჭვი დასავლური ვაქცინების უსაფრთხოების მიმართ და ვირუსის წარმოშობის შესახებ" - ვკითხულობთ ანგარიშში.

კომენტარები