2021 წელს გარდაცვლილები

აშშ-ს საელჩო: კახი კავსაძის მემკვიდრეობა მარადიულია

commersant

საქართველოში აშშ-ს საელჩო ეხმაურება თეატრისა და კინოს ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალებას და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებსა და ყველა ქართველს. 

"ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალებას ბევრი ქართველი ოჯახის წევრის დაკარგვასავით განიცდის. ბატონი კავსაძის შემოქმედებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უამრავ ადამიანზე და სანაცვლოდ მიღებული სიყვარულისა და პატივისცემის მოზღვავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მემკვიდრეობა მარადიულია". – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კახი კავსაძე დღეს, 27 აპრილს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

მსახიობმა 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს გამორჩეული თეატრალური როლები სპექტაკლებში ღვთაებრივი კომედია, გუშინდელნი, რიჩარდ III, მეფე ლირი, მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი.

კახი კავსაძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კინომსახიობია. შესრულებული აქვს ასობით როლი, მათ შორის ისეთ ფილმებში, როგორებიც არის ნატვრის ხე, ვერის უბნის მელოდიები, მონანიება, ღვინის ქურდები, შემთხვევითი პაემნები, ნეტავი, იქ თეატრი არის? ქალაქი ანარა, სიყვარული ყველას უნდა. საბჭოთა კავშირის მაყურებელმა ქართველი მსახიობი უდაბნოს თეთრ მზეში შესრულებული აბდულას როლით გაიცნო.

მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები, პრემიები და პრიზები: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი იპო, ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემია. არის საქართველოს სახალხო და დამსახურებული არტისტი.

2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით დააწვინეს და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

 

კომენტარები