აშშ-ცენტრალური ამერიკა

აშშ გეგმავს, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს $310 მილიონით დაეხმაროს

კამალა ჰარისი
Twitter/@VP

გვატემალის პრეზიდენტ ალეხანდრო ჯამატეისთან ვირტუალური შეხვედრის შემდეგ აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებისთვის 310 მილიონ დოლარიანი დახმარების გეგმა წარადგინა. ორი ქვეყანა ემიგრაციის საკითხებზე თანამშრომლობაზე შეთანხმდა.

კამალა ჰარისი პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით მექსიკასა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებთან ემიგრაციის საკითხებზე თანამშრომლობას ხელმძღვანელობს. 

"ჩვენ გვსურს თქვენთან მუშაობა, რათა გვატემალის ხალხს შევუქმნათ იმედი, რომ მათთვის იქნება შესაძლებლობები, თუ ისინი სამშობლოში დარჩებიან". – თქვა ჰარისმა. კამალა ჰარისი რეგიონში გამგზავრებას ივნისში გეგმავს.

მსოფლიოს საკვების პროგრამის თანახმად, სტიქიურმა უბედურებებმა, ქარიშხლებმა და პანდემიის მიერ გამოწვეულმა ზარალმა გვატემალაში, ჰონდურასსა და ელ სალვადორში 7.8 მილიონამდე გაზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც შიმშილის პირას არიან.

ოფიციალური განცხადების თანახმად, დახმარებისთვის თანხებს გამოყოფენ USAID-ი, სახელმწიფო, თავდაცვისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტები.

ჰუმანიტარულ დახმარებაში გათვალისწინებულია 125 მილიონი დოლარი გვალვებთან, საკვების ნაკლებობასთან და Covid-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად. $104 მილიონი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი გამოყოფს, გათვალისწინებულია ლტოლვილების და თავშესაფრის მაძიებლების უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად. თავდაცვის დეპარტამენტი $26 მილიონს გამოყოფს, რათა გაიზარდოს თანამშრომლობა ჯანდაცვის, განათლების, საგანგებო მდგომარეობის დროს დახმარების სერვისების გაძლიერებისთვის.

ჰარისისა და ჯამატეის შეხვედრის შემდეგ გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პედრო ბროლომ, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გვატემალა და აშშ შეთანხმდნენ, ჩამოეყალიბებინათ სპეციალური ერთობლივი ჯგუფი საზღვრის დაცვისთვის, რომელშიც აშშ-ს შიდა უშიშროების დეპარტამენტის წევრებიც შევლენ. ბროლას თანახმად, შიდა უშიშროების დეპარტამენტის დაახლოებით 16 წევრი გვატემალაში ჩავიდოდა და საზღვრის ინფრასტრუქტურის გაძლიერებისთვის მონაწილეობას მიიღებდა გვატემალელი პარტნიორების გადამზადებაში.

ბროლომ და ჰარისმა ასევე განიხილეს დეპორტირებულთათვის დახმარების ცენტრების აშენების და გვატემალას პორტებში დაცვის გაძლიერების საკითხები. საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, გვატემალა აშშ-ში გაგზავნის გუნდს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს იმ არასრულწლოვნების ოჯახებთან დაბრუნების ძალისხმევაში, რომლებმაც მშობლების გარეშე გადაკვეთეს საზღვარი.

მექსიკის თანახმად, მარტში, მექსიკის ტერიტორია აშშ-ში გადასვლის მიზნით ცენტრალური ამერიკიდან 18 000-ზე მეტმა არასრულწლოვანმა გადაკვეთა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგრაციის ზრდაში გარკვეულწილად ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. ბროლოს თანახმად, აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მოსვლამ მიგრანტებისთვის უფრო დიდი შეღავათების მიღების მოლოდინი გააჩინა და ხალხს ემიგრაციის მოტივაცია მისცა.

კამალა ჰარისს ჰონდურასის და ელ სალვადორის ლიდერებთან ჯერ არ უსაუბრია. ორშაბათს გვეტემალას პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა ბოლო ერთ თვეში ჰარისისა და ჯამატეის მეორე შეხვედრა იყო.

კომენტარები