პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: ხვალ ამნისტიის კანონის დარეგისტრირება, დიდი ალბათობით, არ მოხდება

ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, 27 აპრილს პარლამენტში, დიდი ალბათობით, ამნისტიის კანონპროექტი არ დაინიცირდება. ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, პარლამენტში დარეგისტრირდება იმისთვის, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალოს. 

"ხვალ ჩვენ დავრეგისტრირდებით პარლამენტში იმისათვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებით, რომ ერთმა ადამინმა დატოვოს საპატიმრო. ამის შემდეგ გავაგრძელებთ კონსულტაციების ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ვნახოთ, არსებობს თუ არა შეჯერების შესაძლებლობა. მაგრამ ხვალ კანონის დარეგისტრირება, დიდი ალბათობით, არ მოხდება". – თქვა ჯაფარიძემ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მზადყოფნას გამოთქვამს, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება.

ოპოზიციის იმ ნაწილის მტკიცებით, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, ამნისტია არ გავრცელდება ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ  მუხლებზე, "ანუ ჯალათებზე". მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ამნისტია გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, თუმცა მათივე მტკიცებით, დაცული იქნება კონვენციური სტანდარტები.

კომენტარები