რეგიონების განახლება

რას მოიცავს "ქვეყნის განახლების" პროგრამა – ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვით ადრე გამოცხადებულ "ქვეყნის მასშტაბური განახლების" პროგრამაზე ისაუბრა და თქვა, რომ პროგრამის პირველ ეტაპზე, 63 მუნიციპალიტეტში მოხდება მუნიციპალური ცენტრების ურბანული განახლება და დამუშავდება ტურისტულად საინტერესო ადგილების ურბანული განახლების პროექტებიც.

"პროგრამის პირველი ეტაპი 500 მლნ ლარით არის განსაზღვრული საორიენტაციოდ, 4 წლის განმავლობაში, ეს არის პირველი ეტაპის ხედვა, პროგრამის ფარგლებში მოხდება მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ძეგლების აღდგენა/რეაბილიტაცია, მოხდება რეკრეაციული სივრცეების, სკვერების, დასასვენებელი პარკების მოწყობა/რეაბილიტაცია, შესაბამისად, მუნიციპალური ცენტრების ურბანული განახლება, რომლის მაგალითებიც ჩვენ წარსულში გვქონია, მაგრამ არა ისეთნაირად, როგორც ეს პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით გულისხმობს ანალოგიური სამუშაობის წარმოებას. 

მნიშვნელოვანია ის, რომ უშუალოდ პროგრამის განხორციელებას, ზედამხედველობას, პროექტების შერჩევას განახორციელებს კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. 

პროექტების განხორციელება მოხდება როგორც ცენტრალიზებულად, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ასევე უშუალოდ მუნიციპალიტეტების მიერ და სწორედ ესაა მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომ პროგრამის ფარგლებში უკვე მუნიციპალიტეტებს მასშტაბური პროექტების განხორციელების ეტაპობრივი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.

დაფინანსების თვალსაზრისით, სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს, ისევე, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ვფიქრობთ, რომ 4 წლის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება და ამასთან ერთად, დამუშავდება მთელი რიგი მნიშვნელოვანი მდებარეობების, ქალაქების, ტურისტულად საინტერესო ადგილების ურბანული განახლების პროექტები, რომლებიც მოიცავს არამხოლოდ სივრცითი ურბანული განვითარების, არამედ ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს". – ამბობს ქარსელაძე.

ქარსელაძის თქმით, შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელშიც შევლენ მერები, მუნიციპალიტეტებისა და გუბერნიების წარმომადგენლები და ეს კომისია გადაწყვეტს, თუ რომელი პროექტი უნდა დაფინანსდეს. 

"შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც არამხოლოდ პროგრამის, არამედ დეცენტრალიზაციის და რეგიონული განვითარების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, ყველა მრავალ სხვა სიკეთესთან ერთად. სწორედ ეს კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ მერები, შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, გუბერნიის წარმომადგენლები, მაქსიმალური ჩართულობა იქნება, სწორედ ისინი იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, თუ რომელი კონკრეტული პროექტი უნდა დაფინანსდეს.

საჭიროებები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე შესაძლებლობები, თუმცა ამ საჭიროებებშიც აუცილებელია, რომ პრიორიტეტები სწორად იქნას განსაზღვრული და რეგიონებში მყოფი, იქ მაცხოვრებელი ადამიანები, მათი ყოველდღიურობა ყველაზე კარგი ინდიკატორია, თუ დღეს რა არის მნიშვნელოვანი სწორედ იმ კონკრეტული მდებარეობისთვის". – თქვა ქარსელაძემ.

ქარსელაძის თქმით, პროგრამის დაფინანსებისთვის ახალი ვალის აღება არ გახდა საჭირო და ფინანსები ფინანსთა სამინისტრომ რესურსების გამოთავისუფლებით მოიძია.

"ახალ ვალზე საუბარი არ არის, ამ ეტაპზე ვსაუბრობთ იმ დაფინანსებაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ იქნა მოძიებული სხვადასხვა რესურსის გამონთავისუფლების კუთხით, მათ შორის, საკუთარი რესურსების გამონთავისუფლების კუთხით, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში, ასევე სხვა შესაძლებლობებით". – თქვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

კომენტარები