პოლიტიკური კრიზისი

გეგელია: საქმე სწორედ ისე წავიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა რომ წასულიყო

"საქმე სწორედ ისე წავიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა, რომ წასულიყო, რა თქმა უნდა, ეს არ იყო იდეალური შეთანხმება". – ასე ეხმაურება პარტია ლელოს წევრი, გრიგოლ გეგელია ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ მიმდინარე მოვლენებს. გეგელიას თქმით, ქვეყანაში მართლმსაჯულების დეპოლიტიზება ლელოსთვის "გადატვირთვისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი" იყო.

"ჩვენ ვართ უმძიმეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც არის ათწლეულებში ყველაზე მძიმე ჩვენს რეგიონში, ამის ფაქტობრივი დასტური ყველას მოეხსნება. როდესაც პრეზიდენტი მიშელი და სხვა კოლეგები, ყველა ის ადამიანი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში საქართველოს საკითხებზე მუშაობდა, ისინიც გვეუბნებოდნენ ძალიან ნათლად, იმავე დროს საქმე სწორედ ისე წავიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა, რომ წასულიყო, რა თქმა უნდა, ეს არ იყო იდეალური შეთანხმება, მაგრამ ხალხის ხმა შემოვიდა ამ ამბავში და მართლმსაჯულების დეპოლიტიზება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება - აი, ეს იყო ლელოსთვის გადატვირთვისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები". – თქვა გეგელიამ TV პირველის ეთერში. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის განხორციელება პოლიტიკური მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია, თუ ვინმე ზიანდება, ეს შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერები არიან. 

კომენტარები