სომეხთა გენოციდი

ფაშინიანი ბაიდენს გენოციდის აღიარებაზე: ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას

ნიკოლ ფაშინიანი

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით, სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი Facebook პოსტით გამოეხმაურა.

პოსტში ფაშინიანს გამოქვეყნებული ჰქონდა იმ წერილის ტექსტი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუგზავნა. 

"სომხეთის მოსახლეობამ და მთელი მსოფლიოს სომხებმა დიდი სიხარულით მივიღეთ თქვენ მიერ 1915-1923 წლების სომეხთა გენოციდის ოფიციალური აღიარება და დაგმობა. ძალიან ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას, რომელიც დიდი ნაბიჯია ჭეშმარიტების, ისტორიული სამართლიანობისა და გენოციდის მსხვერპლთა შთამომავლების შეუფასებელი თანადგომის გზისკენ". – წერია წერილში. 

"სომხეთის რესპუბლიკისთვის ეს აღიარება არის როგორც ჭეშმარიტებისა და ისტორიული სამართლიანობის, ასევე უსაფრთხოების საკითხი, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში გასულ წელს მომხდარი მოვლენების შემდეგ". – დასძენს ფაშინიანი. 

ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმაც. 

"სომეხთა გენოციდის აღიარება გაბედული და შთამაგონებელი საქციელია. ეს მნიშვნელოვანია სომეხი ხალხისთვის, რომელიც მსოფლიოში სამართლიანობას ეძებს. ის აშშ-სა და სომხეთის ურთიერთობების ახალ პერსპექტივას ქმნის". – წერს სარქისიანი.

ჯო ბაიდენი გახდა აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, რომელმაც სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. 

 

კომენტარები