სომეხთა გენოციდი

"გენოციდის აღიარებისთვის სომხების მუშაობა სამაგალითოა" – ინტერვიუ ბექა კობახიძესთან

სომეხთა გენოციდი

"გენოციდის აღიარებისთვის სომხების მუშაობა სამაგალითოა" – ინტერვიუ ბექა კობახიძესთან

24 აპრილს, სომეხთა გენოციდის მოხსენიების დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა ხოცვა გენოციდად აღიარა.

"ყოველ წელს ამ დღეს ჩვენ მოვიგონებთ მათ, ვინც ოსმალეთის იმპერიის პერიოდში სომეხთა გენოციდის დროს დაიღუპა და კიდევ ერთხელ ვდებთ პირობას, რომ თავიდან ავიცილებთ ასეთი სისასტიკის განმეორებას. 1915 წლის 24 აპრილს ოსმალეთის ხელისუფლების მიერ სომეხი ინტელიგენციის წევრებისა და საზოგადოებრივი ლიდერების დაპატიმრებას მილიონნახევარი სომხის დეპორტაცია, ხოცვა-ჟლეტა და სიკვდილი მოჰყვა. ჩვენ პატივს მივაგებთ გენოციდის მსხვერპლებს, რათა მომხდარი საშინელებები ისტორიაში არასოდეს დაიკარგოს. ჩვენ ვიხსენებთ, რათა ყოველთვის ყურადღებით ვიყოთ ყველანაირი სიძულვილის დამანგრეველი გავლენების მიმართ"

გასულ წელს, საარჩევნო კამპანიის დროს ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუციას მხარს დაუჭერდა. მნიშვნელოვანია, რომ 1915 წლის მოვლენები ჯერ კიდევ 2019 წელს აშშ-ს სენატმა აღიარა გენოციდად და შესაბამისი რეზოლუცია გამოსცა. ეს აღიარება აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობათა გაუარესების ფონზე მოხდა, რაც ამ უკანასკნელის ჩრდილოეთ სირიაში შეჭრამ და რუსული S-400-ების სარაკეტო სისტემის შეძენამ გამოიწვია. 

თავად თურქეთი აღიარებს, რომ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში, პირველი მსოფლიო ომის დროს, ბევრი სომეხი დაიღუპა ოსმალებთან შეტაკების დროს, მაგრამ ამ მოვლენებს გენოციდად არ ცნობს, რადგან აქ თვლის, რომ ეთნიკურად სომეხთა ხოცვა სისტემურად არ ყოფილა ჩატარებული.

აშშ-ს მიერ გენოციდის აღიარებაზე, აღიარების მიზეზებზე, ორ ქვეყანას შორის და სამხრეთ კავკასიის რეგიონში აღიარების გავლენებზე ტაბულა ისტორიკოს ბექა კობახიძეს ესაუბრა.

 

აშშ- რა ინტერესებით იყო განპირობებული ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება?

მე ვერ ვიტყოდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში იყო გენოციდის აღიარება. მე უფრო სხვა კუთხიდან შევხედავდი ამ საკითხს.

ასი წლის განმავლობაში ამერიკელ სომხები დაუღალავად მუშაობდნენ იმისთვის, რომ ამ გენოციდის აღიარებისთვის მიეღწიათ, უფრო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ტერმინი "გენოციდი" შემოვიდა საერთაშორისო სამართალში. მაგრამ ეს ყოველთვის ეღობებოდა ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. სომხებს,  ეს არის აკადემიური ელიტა, პოლიტიკური ელიტა, ბიზნესწრეები, ხელოვნების და კულტურის წარმომადგენლები,  ამ ხალხს აქვს საკმაოდ დიდი გავლენა, მაგრამ ეს გავლენა ლიმიტირებული იმით, რომ, როდესაც ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე მიდგება საქმე, ამის გადალახვა ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელი იყო. სომხების დიასპორა დაუღალავად  შრომობდა და ელოდებოდა მომენტს, როდესაც კონიუქტურა შესაძლებელს გახდიდა ამ აღიარებას.

ერდოღანამდე პერიოდში, განსაკუთრებით 2016 წლამდე პერიოდში, თურქეთი მოქმედებდა როგორც ნატო- წევრი ქვეყანა, როგორც დასავლური სისტემის ნაწილი. ერდოღანის პირობებში და განსაკუთრებით 2016 წლის არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, თურქეთი საერთაშორისო ურთიერთობებში აღარ მოქმედებს როგორც დასავლური ტიპის სახელმწიფო, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფო და ჩვენ ვხედავთ, რომ ის თანამშრომლობს რუსეთთან, ახლო აღმოსავლეთში და შავი ზღვის რეგიონში ატარებს დამოუკიდებელ პოლიტიკას და არა ნატო- და დასავლეთის პოლიტიკას, რამაც გამოიწვია შესაბამისი ურთიერთობების გაცივება. ამას თან ერთვის ისიც, რომ თურქეთში დემოკრატიის მიმართულებით არ არის სახარბიელო მდგომარეობა და ამან, ბუნებრივია, გამოიწვია დასავლეთთან და, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაციება.

მეორე მხრივ, დამატებით სხვა ფაქტორებიც შემოდის. ამ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ადმინისტრაციის როლი. რა ადმინისტრაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფაქტობრივად ყველა პრეზიდენტი, ტრამპის გარდა, წინასაარჩევნო კამაპნი დროს დებდგენოციდის აღიარების პირობას. მათ შორის იყო ობამაც და ობამას დროს იყო სწორედ 100 წლისთავი და დიდი იმედი ჰქონდათ სომხებს, რომ ეს აღიარება მოხდებოდა, მაგრამ გაპრეზიდენტების შემდეგ პრეზიდენტები უარს ამბობდნენ აღიარებაზე. მთლიანად ამერიკის შიგნით ძალიან მომწიფებული იყო აღიარების საკითხი, რადგან ცალ-ცალკე აღებული, ფაქტობრივად ყველა შტატს აქვს აღიარებული გენოციდი და კონგრესშიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს მოიპოვა გენოცდმა აღიარება. უბრალოდ, თეთრი სახლიდან არ წამოსულა შესაბამისი სიგნალი. ანალოგიური პირობა ჯო ბაიდენსაც ჰქონდა დადებული. ბაიდენი და მისი ადმინისტრაციის მთავარი დროშა მმართველობის, საარჩევნო მთავარი დაპირება იყო მსოფლიოს მაშტაბით დემოკრატიის დახმარება და დემოკრატიის პრინციპების დაცვა. ისტორიიდან და ისტორიის პერსპექტივიდან გამომდინარე, მორალურად მნიშვნელოვნად ჩანს ამ ადმინისტაციისთვის გენოციდის აღიარების საკითხი, როგორც აღვნიშნე, ამას თან ერთვის, რომ თვითონ თურქეთი აღარ მოქმედებს, როგორც დასავლეთის ნაწილი და თურქეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები გაციებულია.

გარდა ამისა, დღეს თურქეთი ძლაიან დასუსტებული. მისი ეკონომიკა მძიმე მგომარეობაშია, ლირ ინფლაციას საოცარი მასშტაბებ აქვს და თურქეთის მხრიდან ხელშესახები მტრული ნაბიჯების გადადგმა  შედარებით ნაკლებად არის მოსალოდნელი, რადგან ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს თურქეთის ეკონომიკას და, შესაბამისად, საფრთხეს შეუქმნის ერდოღანის ხელისუფლებას. [აშშ-სთვის] რისკის დონეს თურქეთის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაბლა წევს. ამასთანავე, ალბათ საგულვებელია ის მომენტიც, რომ ქემალისტები, თურქ რესპუბლიკელები ამ თემას აუცილებლად გამოიყენებენ ერდოღანის წინააღმდეგ, რადგან ქემალისტების მმართველობის პირობებში, ათწლეულების განმავლობაში ეს საკითხი არ გადიოდა და ამერიკა ანგარიშს უწევდა თურქეთის პოზიციას, მაგრამ ახლა ერდოღანის პოლიტიკის შედეგად ამერიკამ თავის პოზიციებს გადახედა და მივიდა აღიარებამდე.

სომხების მიზანმიმართული მუშაობა ამ თვალსაზრისით ჩვენთვისაც სამაგალითოა, რადგან პატარა სახელმწიფოებს და პატარა ერებს შეზღუდული აქვთ პროცესებზე გავლენის მოხდენის არეალი და ასეთი პატარა ქვეყნებისთვის შეიძლება ათწლეულებში ერთხელ გამოჩნდეს შესაძლებლობების ფანჯარა და ამ დროს პატარა ერები უნდა შეხვდნენ ასეთ ვითარებას. როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, სომხებს ეს საკითხი თავიდან ბოლომდე, ყველაზე დონეზე ჰქონდათ მომზადებული და ელოდებოდნენ შესაძლებლობების ფანჯარას, როდესაც კონიუქტურა ყველა მიმართულებით დალაგდებოდა ისე, რომ შესაძლებელი გახდებოდა გენოციდის აღიარება.

რა გავლენა ექნება გენოციდის აღიარებას აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობებზე? ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ქმედით ნაბიჯებს თურქეთის მხრიდან.

თურქეთს მოქმედებათა არეალი აქვს ძალიან შეზღუდული, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესებაზე წავიდეს. შეიძლება თურქეთმა ელჩი გამოიხმოს კონსულტაციებისთვის, შეიძლება ასეთი ნაბიჯი გადადგას, მაგრამ რადიკალურ ზომებზე რომ წავიდეს, ეს მის ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახება.

ყველაზე მეტად რის მე მეშინია და რისი ალბათობაც არის, ესაა ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდების დაშვება შავი ზღვის აკვატორიაში. მოგეხსენებათ, ამ საკითხს არეგულირებს მონტროს კონვენცია. არაშავი ზღვის ქვეყნების, მათ შორის აშშ- ხომალდებს მხოლოდ შეზღუდული ვადით აქვთ შავი ზღვის აკვატორიაში დაშვების უფლება. დღეს რუსეთი დომინირებს შავ ზღვაზე. ის აბსოლუტური დომინანტია. აქ ძალთა ბალანსის შედარება არ არის შავი ზღვის სხვა ქვეყნებთან, თუნდაც თურქეთთან ან ნატო- წევრ ბულგარეთისა და რუმინეთის სახელმწიფოებთან. თურქეთს ეს საკითხი აწუხებდა და ბოლო კვირების განმავლობაში ერდოღანი საუბრობდა ახალი არხის გაკეთებაზე, რაც პრინციპში ნიშნავ მონტროს კონვენციის გადახედვას და ამერიკის შეერთებული შტატების, მისი ფლოტის შემოყვანას შავ ზღვაში რუსეთის დომინაციის საპირისპიროდ. ეს ძალთა ბალანსს ძალიან შეცვლიდა შავი ზღვის რეგიონში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის. ასეთი ბალანსის გარკვეულწილად აღდგენა, თურქეთის ინტერესებშიც შედიოდა, მაგრამ ამ აღიარებამ შეიძლება ძალიან უარყოფითი გავლენა იქონიოს თურქეთის გადაწყვეტილებებზე. თურქეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ბოლო კვირების რიტორიკას თუ გადავხედავთ, დინამიკა იქით იყო მიმართული, რომ შეიძლება ცვლილებებისკენ წასულიყვნენ, მაგრამ ახლა ასეთი დაახლოებისკენ მოძრაობა გაცილებით უფრო რთული იქნება.

სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ გენოციდის აღიარება ამერიკის შეერთებული შტატების  ეროვნულ ინტერესებში არაფრით არ შედიოდა, თუნდაც იმიტომ, რომ შავი ზღვის აკვატორიაში მისი ყოფნა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. სწორედ ამ მხრივ შეიძლება აღფრთოვანებას იწვევდეს სომხების დაუღალავი მუშაობ და ამერიკას მიაღებინეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, მე ვიტყოდი, მისი ძალიან პრაგმატული ინტერესების საწინააღმდეგოდ.

მოსალოდნელია თუ არა, რომ სომეხთა გენოციდის აღიარების ფონზე თურქეთი რუსეთ კიდევ უფრო დაახლოვდეს?

პრინციპში ეს უკვე რსებული მოცემულობაა. რუსეთსა და თურქეთს შორის დაახლოება არ არის ახალი ამბავი.

მცირე პრეისტორიას რომ შევეხოთ: თურქეთი და რუსეთი არიან ისტორიული და გეოპოლიტიკური მტრები. მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, ამ ორ ქვეყანას არ უომია ისეთი ინტენსივობით არავისთან, როგორც - ერთმანეთთან. გამორიცხულია, რომ ხილვად მომავალში, ოდესმე თურქეთისა და რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს დაემთხვეს, მაგრამ დღეს თურქეთი და რუსეთი არიან სიტუაციური მოკავშირეები, რადგანაც ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობაში არის ანტისისტემური ხალხი. ანტისისტემურში ვგულისხმობ დასავლური სისტემის წინააღმდეგ მომართულ ხალხ და ისინი ცდილობენ, წინააღმდეგობა გაუწიონ ლიბერალურ-დემოკრატიულ წესრიგს საერთაშორისო ურთიერთობებში და, ამასთანავე, ცდილობენ, საკუთარი ძალაუფლებები, სახლში, თავისივე ქვეყანაში დაიცვან ლიბერალური დემოკრატიისგან. ამიტომ ეს ორი რეჟიმი ხშირად ხდება მოკავშირე, როგორც, მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ლენინი და ათათურქი, ასევე გეოპოლიტიკური მეტოქეები, უცებ გახდნენ სიტუაციური მოკავშირეები. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როგორც ერთ, ისე მეორე რეჟიმს, დასავლეთი, ანტანტის სახელმწიფოები, უქმნიდნენ ეგზისტენციურ საფრთხეს. ამიტომ მათ თანამშრომლობა გადაწყვიტეს. ნაცვლად იმისა, რომ კავკასიის ტერიტორიაზე ეომათ ერთმანეთის წინააღმდეგ, პირიქით კავკასიის ტერიტორია გაიყვეს ცნობილი, ჯერ მოსკოვის და შემდეგ ყარსის ხელშეკრულებებით, რადგანაც იცოდნენ, რომ, თუ ისინი ერთმანეთთან იომებდნენ, ერთმანეთს დაასუსტებდნენ და ამ შემთხვევაში დასავლეთი შეძლებდა საკუთარი დღის წესრიგის გატარებას.

ახლაც მსგავსი ვითარება გვაქვს. ვხედავთ, რომ თურქეთი, მაგალითად, S-400 ტიპის სარაკეტო სისტემებს ყიდულობს რუსეთისგან, ვხედავთ, რომ მათ მშვენივრად ითანამშრომლეს ყარაბაღთან დაკავშირებით, თანამშრომლობენ სირიაში, თანამშრომლობენ ლიბიაში. რა საკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ერთ-ერთ კონკრეტულ გეოპოლიტიკურ საკითხზე ისინი ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან. მაგალითად, ასეთი მეტოქეობა არის შავი ზღვის აკვატორიაში, მაგრამ გენოციდის აღიარება შეიძლება გახდეს გარკვეული წამახალისებელი თურქეთისთვის, რომ ამერიკის საპირისპიროდ წავიდეს მეტ დათმობაზე და რუსეთისკენ გადადგას უფრო მეტი შემხვედრი ნაბიჯი, მათ შორის შავი ზღვის აკვატორიაში, მათ შორის კავკასიის ტერიტორიაზე თუ სხვაგან. პრინციპში ლიბერალურმა დემოკრატიამ გენოციდის აღიარების მორალური საკითხის მხარის გარდა, პრაგმატულად რომ ვთქვათ, რეალურ პოლიტიკაში ვერაფერი მოიგო ამ აღიარებით.

მოსალოდნელია თუ არა, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ აღიარების შემდეგ ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბოს?

არ ვფიქრობ, რომ გენოციდის აღიარება რაიმე დამატებით გართულებებს გამოიწვევს, იმაზე მეტს, ვიდრე დღეს არის. თურქეთსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვარი ასეც და ისეც ჩაკეტილია. ჯერჯერობით არ გახსნილა საზღვარი აზერბაიჯანსა სომხეთს შორის და ეს პერსპექტივაც ძალიან ბუნდოვანია, გაიხსნება თუ არა ზანგეზურის კორიდორი.

თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ წარმოსახვით პერსპექტივაში მხარეები შეიძლება ოდესმე მისულიყვნენ საზღვრის გახსნამდე და ამ მიმართულებით ემოძრავათ, ეს აღიარება თურქეთს, პირიქით, უბიძგებს იმისკენ, რომ არ იფიქროს სომხეთთან საზღვრის გახსნაზე. კონკრეტულად რომ ხვალ და ზეგ რაიმე დამატებითი ესკალაცია გამოიწვიოს გენოციდის აღიარებამ სამხრეთ კავკასიაში, ამას არც ველოდები. გენოციდის აღიარების საკითხი ხომ არ იყო სომხეთის სახელმწიფოს მუშაობის შედეგად მიღწეული. ეს თემა სომხეთის სახელმწიფოს ხელში გაცილებით ნაკლებად იყო, რადგანაც ამერიკაში ამ თემაზე მუშაობდა არა სომხეთის სახელმწიფო, არამედ - სომხეთის დიასპორა.

სომხეთი ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა და პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელია და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. რა გავლენა შეიძლება იქონიოს აშშ- მიერ სომხური გენოციდის აღიარებამ  სომხეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე?

გენოციდის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია სომხური საზოგადოებისთვის, რადგან სომხების იდენტობა, გნებავთ, ისტორიული მეხსიერება დგას ორ ან სამ ყველაზე დიდ საკითხზე: ეს არის ყარაბაღის ომი და ყარაბაღის თემა, ეს არის სომეხთა გენოციდის საკითხი და ეს არის სომხური გრიგორიანული ეკლესია. ეს არის საკრალური და მნიშვნელოვანი თემები მათთვის, რომელთა უკანაც, მთელი რიგი ტრავმები დგას, მთელი რიგი კონსტრუირებული მეხსიერება დგას. სომხური საზოგადოება შარშანდელი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ძალიან დემორალიზებულია და აპათიურ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. სოციოლოგიური გამოკითხვებიდანაც ჩანს, რომ მოსახლეობის 60%- არცერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ უნდა ხმის მიცემა. სამიდან ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა საკითხმა, ყარაბაღმა, ფიასკო განიცადა. ამ ფონზე გენოციდის აღიარება, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია სომხებისთვის, არის ერთგვარი მორალური რეაბილიტაცია სომეხი ხალხისთვის, მომავლისთვის იმედით შეხედვით ნიშანი. რასაკვირველია, ნიკოლ ფაშინიანი, როგორც ნებისმიერი პოლიტიკოსი, შეეცდება, საკუთარ წარმატებას მიაწეროს და საკუთარ წარმატებად გაყიდოს გენოციდის აღიარება. თუმცა ეჭვი ეპარება, რომ სომხურ საზოგადოებაში მოსახლეობის საგრძნობმა ნაწილმა დაიჯეროს ის, რომ ეს ფაშინიანის წარმატება, თუმცა, რა თქმა უნდა, ამაზე პედალირებას ის შეეცდება.

კომენტარები