Johnson & Johnson

აშშ-ს CDC და FDA: Johnson & Johnson-ით აცრა უნდა გაგრძელდეს

აშშ-ს დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის (CDC) და საკვების და წამლების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშშ-ში Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრა უნდა გაგრძელდეს.

ქვეყანაში Johnson & Johnson-ით აცრა 10 დღით შეაჩერეს, რათა გამოეძიებინათ ვაქცინის კავშირი თრომბის უიშვიათეს შემთხვევებთან.

FDA და CDC ადასტურებენ, რომ ეს ვაქცინა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ უსაფრთხო და ეფექტიანია. არსებული მონაცემებით, თრომბის განვითარების შანსი ძალიან დაბალია, თუმცა FDA და CDC ფხიზლად იქნებიან და რისკის კვლევას კვლავ განაგრძობენ. 

FDA-ს განცხადებით, ვაქცინის სარგებელი პოტენციურ რისკებს გადაწონის. 

ამ ვაქცინით აცრა 13 აპრილს შეაჩერეს. 8 მილიონ აცრილში მხოლოდ 15 ასეთი შემთხვევა ნახეს. ყველა შემთხვევა განვითარდა 18 წლიდან 59 წლამდე ქალებში, აცრიდან 6-15 დღის შემდეგ.

"ჩვენ ამ ვაქცინით აცრის შეჩერებას რეკომენდაციას აღარ ვუწევთ. სიღრმისეულ ანალიზზე დაყრდნობით, არის სავარაუდო კავშირი, თუმცა რისკი ძალიან დაბალია". - თქვა CDC-ის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ.

შეჩერების დროს მედიკოსების და მეცნიერების გუნდმა FDA-ში და CDC-ში გამოიკვლიეს არსებული მონაცემები, რათა შეეფასებინათ თრომბის შემთხვევები, მათ შორის, თავის ტვინში და სხეულის სხვა ნაწილებში, მუცლის ღრუში და ფეხში, ასევე სისხლში თრომბოციტების დაბალი დონე.

FDA-ს თქმით, განახლებული ინფორმაციით, ვაქცინის მიმღებ პირებს და პროვაიდერებს გააფრთხილებენ რისკის შესახებ. 

"ჩვენ ვნახეთ ძალიან იშვიათი მოვლენები ამ ვაქცინის მილიონობით დოზის გაკეთების შემდეგ და ჩვენ აცრა შევაჩერეთ, რათა უფრო ფრთხილად გამოგვეკვლია ეს. როგორც ყოველთვის, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ახლოდან მეთვალყურეობას, როცა უფრო და უფრო მეტი ამერიკელი იცრება. მე კვლავ მამხნევებს რეალობაში არსებული მზარდი მტკიცებულებები, რომ კორონავირუსის ავტორიზებული ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტიანია და ისინი ადამიანებს  დაავადებების, ჰოსპიტალიზაციისადა სიკვდილისგან იცავენ". - თქვა CDC-ს დირექტორმა. 

კომენტარები