საფრანგეთი

საფრანგეთში პოლიციელი დანით მოკლეს, თავდასხმა, სავარაუდოდ, ტერორიზმი იყო

​​​​​​საფრანგეთში, პარიზის სამხრეთ-დასავლეთის პოლიციაში პოლიციელი დანით მოკლეს. მომხდარს ანტიტერორიზმის პროკურორები იძიებენ. თავდასხმა, სავარაუდოდ, ტერორიზმი იყო. 

თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე მოკლა. გავრცელებულ ინფორმაციით, ის საფრანგეთში რამდენიმე წლის წინ ტუნისიდან ჩავიდა. 

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი პოლიციის გარეთ იყო და როდესაც შეუიარაღებელი პოლიციელი პოლიციის შენობაში შედიოდა, ის მას თავს დაესხა. პოლიციელის კოლეგებმა მას ცეცხლი გაუხსნეს და თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს. 

გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარომ მედიასთან თქვა, რომ თავდამსხმელმა იყვირა "ალაჰ აკბარ" .

ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდამსხმელი ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობდა იქამდე, ვიდრე ბინადრობის მოწმობას მიიღებდა, წელს კი ამ დოკუმენტს ვადა გასდიოდა. 

საქმეზე თავდამსხმელთან დაკავშირებული სამი ადამიანი დააკავეს. 

მომხდარს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გამოეხმაურა და თქვა, რომ საფრანგეთი ისლამისტურ ტერორიზმს არასდროს დანებდება.

"ქვეყანა მისი ოჯახის, კოლეგების და უშიშროების ძალების მხარესაა". - აღნიშნა პრეზიდენტმა.

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ საფრანგეთის პრემიერმინისტრი, ჟან კასტექსი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერალს დარმანინი

კასტექსმა დაგმო "უდიდესი სისასტიკის ბარბაროსული ქმედება" .

2020 წლის ოქტომბერში საფრანგეთში ორი ტერორისტული თავდასხმა მოხდა. 29 ოქტომბერს ტუნისელი კაცი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მყოფ პირებს დანით დაესხა თავს და 3 ადამიანი მოკლა. 17 ოქტომბერს პარიზში ისლამისტმა თავდამსხმელმა მასწავლებელს თავი მოჰკვეთა, თავდამსხმელი კი პოლიციამ მოკლა. მსხვერპლი ისტორიის მასწავლებელი იყო, რომელმაც საკლასო ოთახში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.

ამასთან ერთად, 3 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ტერორისტმა 4 პირი მოკლა.

ნოემბერში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთი საზღვრებზე პოლიციის და სამხედროების რაოდენობას გააორმაგებს და მხარს დაუჭერს შენგენის შეთანხმების გადახედვას იმისათვის, რომ უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმები გამკაცრდეს.

კომენტარები