პოლიტიკური კრიზისი

რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია სენატს გაუგზავნეს

აშშ-ს სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრის, სენატორ რონ ჯონსონის ინიცირებით სენატში საქართველოს შესახებ რეზოლუცია შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის ხმა ავრცელებს

გამოცემის ცნობით, რეზოლუცია 19 აპრილს პარტიებს შორის შეთანხმების სრულად შესრულების მხარდაჭერას გამოხატავს. რონ ჯონსონთან ერთად რეზოლუციას სპონსორობას უწევენ ქვეკომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი სენატორი, ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი, ჯიმ რიში. 

როგორც ამერიკის ხმა წერს, რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს მიერ საქართველოსადმი ორპარტიულ მხარდაჭერას და ქვეყანას სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გატარებისკენ, პარლამენტს კი მუშაობის დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდებს. 

სენატორ ჯიმ რიშის თქმით, ის მოხარულია, რომ საქართველოში მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, თუმცა, მისივე თქმით, "მძიმე მუშაობა" სწორედ ახლა იწყება. 

"ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც იმუშავებს ისეთ მწვავე მიმდინარე საკითხებზე, როგორიცაა მძიმე ეკონომიკური სიტუაცია და Covid-19-ის პანდემია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს ფართო მასშტაბების შედეგები აქვს რეგიონში და მსოფლიოს გარშემო დემოკრატიის მდგომარეობაზე და ჩვენ მზად ვართ, მის მთავრობასა და მის ხალხს დავეხმაროთ მოქნილი დემოკრატიის აშენებაში". – ამბობს ჯიმ რიში. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით კი "ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და რომელთა მიმართაც კონკრეტულად ვიცით მუხლი, რა მუხლით არის სისხლის სამართლის პასუხისგება. იმ ადამიანებს, ვინც არ არის დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, არ შეეხება. შესაბამისად, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან, გაგრძელებული ბევრი ადამიანით, არავის არ და ვერ შეეხება ეს კანონი, ამაზეც შევთანხმდით დღევანდელ დღეს".

მეორე მხრივ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან. 

კომენტარები