პოლიტიკური კრიზისი

კახა კალაძე: ამნისტია შეეხება ყველას, ეს შეთანხმების დოკუმენტშიც ჩაიწერა

ქართული ოცნების გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებზე ამნისტია კავშირში მყოფ ყველა პირს შეეხება. 

"ამნისტია შეეხება ყველას. ეს შეთანხმების დოკუმენტშიც ჩაიწერა. თუმცა, ზოგი პოლიტიკოსისგან ვისმენთ, რომ ისინი მას არ გამოიყენებენ და ამის არჩევის უფლება უნდა ჰქონდეთ. ჩემი პოზიციაა, რომ, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას. გაუგებარია ის კითხვები, რაც ისმის ამნისტიასთან მიმართებით. თავიდან მოთხოვნა იყო ამნისტიაზე, მიიღწა შეთანხმება, ხელი მოეწერა დოკუმენტს, ამაში ჩართულნი იყვნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები. ახლა გაუგებარია ეს კითხვები". – თქვა კალაძემ. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან. 

კომენტარები