პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია მელიასთვის თავდებობაზე: მოულოდნელი არ იყო და კარგი ინიციატივაა

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ლელოს მიერ ევროპარლამენტარებისთვის შეთავაზებული ინიციატივა ნიკა მელიასთვის თავდებში დადგომასთან დაკავშირებით, რაც ევროპარლამენტარების მხრიდან დადებითად იქნა მიღებული  – მოულოდნელი არ ყოფილა და კარგი ინიციატივაა.

"არ იყო მოულოდნელი და კარგი ინიციატივაა, ოღონდ ეს ადასტურებს, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ იმას, რომ არსებობდა საშუალება ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებაში ქვეყნისთვის ბევრად ხელსაყრელი პოზიციების მოპოვების, იქნებოდა ეს პოლიტპატიმრების თემა და გათავისუფლების გზები, თუ ვადამდელი არჩევნები. სამწუხაროდ, ჩვენმა პარტნიორებმა მაშინ შეთანხმების დადებამდე ეს შესაძლებლობები არ გამოიყენეს ბოლომდე". – ამბობს გიგა ბოკერია.

ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში იმყოფებიან. პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ლელოს ლიდერებმა ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, რომ ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს მისი აღმკვეთი ღონისძიება და მელია გათავისუფლდეს, რაც კრიზისის დროული განმუხტვის აუცილებელი წინაპირობა იქნება.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ სამუშაო შეხვედრებზე განხილული ეს წინადადება ევროპარლამენტარების მხრიდან დადებითად იქნა მიღებული. შესაბამისად, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას. ასევე ლელოც მზადაა შეუერთდეს ევროპარლამენტარების თავდებობას.

"იმედი გვაქვს, რომ ამ ინიციატივას ასევე დადებითად მიიღებს საქართველოს ხელისუფლება და დროულ რეაგირებას მოახდენენ შესაბამისი უწყებები, ვისაც გააჩნია საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება. ლელო იმედოვნებს, რომ ჩვენი ეს ინიციატივა იქნება არსებული დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი". – წერია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების შედეგად, შეიქმნება ევროპელი დეპუტატების მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც 5 პუნქტიანი ხელშეკრულების აღსრულებას დეტალურ მონიტორინგს გაუწევს. ევროპარლამენტარების მონიტორინგის ჯგუფი კონტროლს გაუწევს, რომ შესრულდეს დოკუმენტის პუნქტები, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით შეიქმნა.


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით კი "ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და რომელთა მიმართაც კონკრეტულად ვიცით მუხლი, რა მუხლით არის სისხლის სამართლის პასუხისგება. იმ ადამიანებს, ვინც არ არის დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, არ შეეხება. შესაბამისად, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან, გაგრძელებული ბევრი ადამიანით, არავის არ და ვერ შეეხება ეს კანონი, ამაზეც შევთანხმდით დღევანდელ დღეს".

მეორეს მხრივ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან.

კომენტარები