პოლიტიკური კრიზისი

"ოცნება შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში" – კობახიძის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა

Mzia Saganelidze (RFE/RL)

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა.  

"ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს ქართულ ოცნებას დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის.

ქართული ოცნება შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში". - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის საერთაშორისო მდივან კახა კუჭავასა და პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების  თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჯერ აშშ-ში იმყოფებოდა, შემდეგ კი ბრიუსელში

აშშ-ს ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია სენატორ ჯეიმს რიშს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებს, ჯორჯ კენტს და კრის სმიტს, კონგრესმენებს, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს ადამ კინზინგერს და ჯერი კონოლის შეხვდა.

16 აპრილს აშშ-ში ვიზიტის დასრულდების შემდეგ კობახიძე ბრიუსელში ჩავიდა, სადაც, მისი თქმით, შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს,  ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში,  ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს და ევროპარლამენტარებს.

ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი, დღეს 22 აპრილს დასრულდა. 


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად,  ევროკავშირის მედიაციით  მოლაპარაკებები იმართებოდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. საბოლოოდ, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმ, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

 

 

 

კომენტარები