მომხმარებლის თავდაჯერებულობის ინდექსი

ISET-PI: მოსახლეობის 60%-ის ფინანსური მდგომარეობა ბოლო 12 თვეში გაუარესდა

მომხმარებლის თავდაჯერებულობის ინდექსი 2021 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 3.5 პუნქტით გაუარესდა.

სტატისტიკას ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს.

მომხმარებლის თავდაჯერებულობის ინდექსი – CCI – მოსახლეობის განწყობებს, ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას აფასებს. ინდექსი გამოკითხვით დგინდება, სადაც გამოკითხულები გასული 12 თვის ეკონომიკურ მდგომარეობას და მომავლის მიმართ განწყობებს აფიქსირებენ. კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოქალაქის პერსონალური ფინანსური მდგომარეობა, დანაზოგის გაკეთების უნარი, სამომხმარებლო ფასების ცვლილება, უმუშევრობის დონე და სხვა. 

2021 წლის მარტში მომხმარებლის თავდაჯერებულობის ინდექსი -39-ის ნიშნულზე შეჩერდა, რაც წინა თვესთან შედარებით 3.5-პუნქტიან გაუარესებასა და ზოგადად, მკვეთრად გამოხატულ უარყოფით განწყობებს ასახავს. 

კვლევის მთავარი მიგნება მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის მაჩვენებელია. მარტში გამოკითხული მოსახლეობის 60%-ის ფინანსური მდგომარეობა, წინა 12 თვეში, მცირედად ან მკვეთრად გაუარესდა. ამას გარდა, გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური სიტუაცია, ზოგადად ქვეყანაში, ბოლო 1 წლის მანძილზე მკვეთრად ან მცირედად გაუარესდა. 

რაც შეეხება სამომხმარებლო ფასებს, გამოკითხულთა 85% მიიჩნევს, რომ სურსათისა და სერვისის ფასები, ბოლო 12 თვეში, გაიზარდა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებლის განწყობები თბილისში შედარებით უფრო პოზიტიურია, ვიდრე რეგიონებში:

ISET-PI

 

კომენტარები