ფსიქიკური ჯამრთელობა

"ჭაობში ვიყავი და იქიდან მარტო ვეღარ ამოვიდოდი" – მარიამ ფაილოძე დეპრესიის გამოცდილებაზე

ფსიქიკური ჯამრთელობა

"ჭაობში ვიყავი და იქიდან მარტო ვეღარ ამოვიდოდი" – მარიამ ფაილოძე დეპრესიის გამოცდილებაზე

ფსიქიკური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემის DSM-V-ის მიხედვით, დეპრესია გავრცელებული სამედიცინო კონდიციაა, რომლის დროსაც ადამიანებს მწუხარებისა და უიმედობის მუდმივი განცდა აქვთ, ასევე კარგავენ ინტერესს იმ საქმიანობების მიმართ, რაც ერთ დროს მათში ხალისს იწვევდა. გარდა ფსიქიკური სიმპტომებისა, დეპრესიამ შეიძლება ასევე წარმოშვას ფიზიკური სიმპტომებიც – მაგალითად, სხეულის სხვადასხვა ნაწილის ქრონიკული ტკივილი ან პრობლემები საჭმლის მომნელებელ სისტემაში.

სწორედ, დეპრესიის საკუთარ გამოცდილებაზე გვიამბო ჩვენმა რესპოდენტმა, მარიამ ფაილოძემ. მან მოგვიყვა, რა სიმპტომებთან უწევდა გამკლავება, როგორ იჭრებოდნენ ისინი პირად და სამსახურეობრივ ურთიერთობებში, როგორ გრძნობდა თავს მკურნალობის დაწყებამდე და რა გაუმჯობესება იგრძნო მის შემდეგ, რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, მათ შორის დეპრესიის დროს პროფესიონალური დახმარების მიღება.

მარიამ ფაილოძის ისტორია მკითხველთა ნაწილისთვის, შესაძლოა, ნაცნობი გამოცდილება აღმოჩნდეს, თუმცა ტაბულა შეგახსენებთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს ყველა ადამიანის გამოცდილება უნიკალურია და დიაგნოზის დასმა და მკურნალობის კურსის განსაზღვრა მხოლოდ პროფესიონალის მიერ უნდა მოხდეს.

რა სიმპტომებით დაიწყო შენი დეპრესია და როგორ მიხვედი გაცნობიერებამდე, რომ ეს, შესაძლოა, სწორედ დეპრესია ყოფილიყო? რით განსხვავდებოდა ის "მწუხარებისგან"?

ჩემი დეპრესია, როგორც შემდეგ მივხვდი, წლების განმავლობაში დაგროვილმა გადაუხარშავმა ტრავმებმა და სტრესმა გამოიწვია. ბავშვობიდან რამდენიმე მოვლენა მქონდა ჩარჩენილი, რომელიც დამოუკიდებლად ვერ დავალაგე, რადგან ძალიან სენსიტიური საკითხები იყო, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე არც ვსაუბრობდი ამეებზე. ზოგი თავიდანვე მიმართავს მშობელს ან მეგობარს, მე ყველაფერს ვიტოვებდი და მხოლოდ საკუთარ თავთან "ვსაუბრობდი". ასე მოხდა, რომ ჩემგან გაუცნობიერებლად, წლების განმავლობაში ამ ყველაფერმა თურმე ძალიან ჩაკეტილად მაქცია, არასდროს პრობლემებზე არ ვსაუბრობდი, ბოლოს საკუთარ თავსაც აღარ ვუტყდებოდი შეცდომებში, არ ვცდილობდი მომეგვარებინა. მეგონა, თუ არ ვიფიქრებდი და არ მოვაგვარებდი თავისით გაქრებოდა. მშობლის გარდაცვალებამ, რომელზეც ასევე არავისთან ვისაუბრე და თავი ძალიან მყარად მეჭირა, ახალი, უფრო მძაფრი ემოციები გააჩინა. აქედან გამომდინარე, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში უფრო მარტივია პრობლემების დავიწყება და მათგან გაქცევა, ჩემ შემთხვევაში ალკოჰოლი აღმოჩნდა ის "მეგობარი" რომელსაც მივმართავდი. ნიღაბი მოვირგე, პერსონაჟი მყავდა შექმნილი და მხოლოდ მისი სახით გავდიოდი საზოგადოებაში, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს მენტალურ ჯანმრთელობაზე. 

ვფიქრობ, დეპრესიისგან განსხვავებით მწუხარებას ახასიათებს მალევე გადავლა, თუნდაც ვინმესთან საუბრის შემდეგ. მე უკვე ჩემი პიროვნებისგან საპირისპიროდ ვიქცეოდი, გამიფუჭდა ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან და მაინც არ ვიხსნებოდი. არანაირი ხალისი არაფრის კეთების არ მქონდა, არადა ყოველთვის მოტივირებული და აქტიური ვიყავი. მივხვდი, რომ საკუთარ თავს ვადანაშაულებდი ყველაფერში და საშინელი იმედგაცრუება მტანჯავდა. თითქოს ამ მდგომარეობით ვსჯიდი კიდეც ჩემ თავს.

ადამიანებს ხშირად არ აქვთ ხელმისაწვდომობა მენტალური აშლილობების შესახებ ინფორმაციაზე, გარდა ამისა, დეპრესიის ზოგიერთი სიმპტომიც, ხშირად მათ საკუთარ ბრალში, დანაშაულის განცდაში კეტავს და ხელს უშლის, მიმართოს პროფესიონალს, რადგან მიაჩნია, რომ მის მდგომარეობას თავად იწვევს და არა ობიექტური მენტალური გამოწვევა - როდის გადაწყვიტე და რა დაგეხმარა მიგემართა ფსიქოთერაპევტისთვის/ფსიქიატრისთვის?

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დეპრესიის გამომწვევი მიზეზები ჩემი ბრალი არ იყო მე მაინც მეგონა, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვიყავი. როგორც უკვე ვახსენე, ძალიან ჩამკეტა ამან. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე მქონდა ინფორმაცია, მაგრამ უფრო მარტივ და მოკლევადიან მეთოდებს მივმართავდი, როგორიც არის გართობა, ალკოჰოლი, პასუხისმგებლობების აცილება, რამაც უფრო დიდი პრობლემები და სტრესი გამოიწვია. ასე ცხოვრებამ პრობლემები შემიქმნა საყვარელ ადამიანებთან, ჭაობში ვიყავი და მარტო იქიდან ვეღარ ამოვიდოდი. აუცილებელი იყო პროფესიონალის დახმარება. მაშინ ჩემმა საუკეთესო მეგობარმა გვერდიდან დამანახა ჩემი მდგომარეობა, სახეში შემორტყმასავით იყო ყველაფერი, რასაც ვისმენდი. გამააზრებინა, რომ სახლში ჯდომით და უყურადღებობით გაუარესდებოდა მდგომარეობა. ესაუბრა დედაჩემსაც და აუხსნა, რომ მე ამაზე ვერ ვსაუბრობ, მაგრამ რეალურად ძალიან ცუდად ვარ. მაშინ გადავწყვიტე, რომ ერთადერთი გამოსავალი ფსიქიატრთან კონსულტაცია და მკურნალობა იყო.


ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ხალხი, რომელიც გარშემო გყავს. დედის და მეგობრების გარეშე ვერაფერს შევძლებდი და შეიძლება დღესაც იმ მდგომარეობაში ვყოფილიყავი.

რა იყო შენი ზუსტი დიაგნოზი და როგორ დასვა ის მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალმა?

თავდაპირველად შემავსებინეს კითხვარი, რომელიც პასუხებს ქულებით აფასებს და დაახლოებით მდგომარეობას ადგენენ. გავესაუბრე ფსიქოთერაპევტს და ფსიქიატრს, კონსულტაციის შემდეგ დაადგინეს, რომ მქონდა დეპრესია და ჩემი ალკოჰოლთან დამოკიდებულებაც ყურადსაღები იყო. კარგად მახსოვს, რომ კონსულტაციაზე ვერ ვლაპარაკობდი, შფოთვის გამო სიტყვებს ვერ ვაბამდი ერთმანეთს და გაუჩერებლად ვტიროდი.

რა ტიპის მკურნალობა დაგინიშნეს? ეს იყო მხოლოდ მედიკამენტები თუ კომბინირებული მკურნალობა ფსიქოთერაპიასთან?

დამენიშნა მედიკამენტები, მაგრამ მხოლოდ მცენარეული. ვიღებდი ანტიდეპრესანტს, შფოთვის საწინააღმდეგო წამალს, D ვიტამინს და მელატონინს ძილის მოსაწესრიგებლად. ასევე დავდიოდი ფსიქოლოგთან და ფსიქოთერაპევტთან არტ თერაპიაზე. მირჩიეს, რომ მეტი დრო დამეთმო ჰობებისთვის, სეირნობისთვის, მომეწესრიგებინა კვება და ძილის რეჟიმი. 

რა დროში იგრძენი გაუმჯობესება და როგორ შეიგრძნობა ეს პროცესი, როცა დეპრესია მართვადი ხდება და სიმპტომები მცირდება?

პირველი კონსულტაციიდან 10 დღეში განმეორებით ვიზიტზე მივედი და უკვე აშკარად მქონდა პროგრესი. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ეს ყველაფერი მედიკამენტების დამსახურება იყო. ამინდს რომ შევადარო, იქამდე დღეში რამდენჯერმე იცვლებოდა ბუნებრივი მდგომარეობა - მზიანიდან უცებ ღრუბლიანზე გადადიოდა, წვიმდა, ქარიც ქროდა და თოვლიც მოდიოდა. ამდენი ცვლილება რთული სამართავია. მედიკამენტების, თერაპიების და საკუთარ თავზე მუშაობის შემდეგ მუდმივად იდეალური, მზიანი ამინდი იყო. დაახლოებით სამი თვის და მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობის შემდეგ მივხვდი რომ უმჯობესდებოდა მდგომარეობა. ნელ-ნელა მედიკამენტებიც შევწყვიტე და ვისწავლე ემოციების მართვა.

გავრცელებული სტერეოტიპებით, ადამიანებს აქვთ შიში რომ ანტიდეპრესანტები მათ პერსონას შეცვლის – რა შეგიძლია უთხრა მათ?

ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ პერსონა შემიცვალა დეპრესიამ, მედიკამენტები კი მათ დაბრუნებაში დამეხმარა. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ მე მხოლოდ მცენარეულ, არც თუ ისე ძლიერ ანტიდეპრესანტს ვიღებდი. ძლიერი ფსიქოტროპული მედიკამენტების შესახებ არ ვფლობ საკმარის ინფორმაციას და არ მინდა შეცდომაში შევიყვანო ვინმე. აუცილებელია, ყველამ გაიაროს კონსულტაცია პროფესიონალთან მანამ, სანამ მედიკამენტების მიღებას დაიწყებს. 

რამდენად გიშლიდა ხელს დეპრესია ყოველდღიურ ცხოვრებაში - მაგ. სამსახურში, ადამიანებთან ურთიერთობაში, სწავლაში და ა.შ. - ხშირად ადამიანები, კვლავაც ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ადამიანის ქცევის ცვლილებას ან "სიზარმაცით" ან ადამიანის "სისუსტით" ხსნიან - შენც ხომ არ გამოცადე ეს დამოკიდებულება?

დეპრესიამ ყველაზე მეტად ხელი სწავლაში შემიშალა, ძალიან მიჭირდა კონცენტრირება, ინტერესი დაკარგული მქონდა, კონკრეტული მიზნები მქონდა, რისი მიღწევაც ვერ შევძელი და ამან გააუარესა ჩემი მდგომარეობა. შეიძლება ვინმეს დღემდე ჰგონია, რომ ეს ყველაფერი სიზარმაცის გამო ხდება, თუმცა რთულია შენ ბრძოლებში იყო ყოველ დღე და თან მთელი რესურსი სწავლაში ჩადო. მეგობრებთან ურთიერთობაში ხელი არ შეუშლია, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია, შეიძლება მეგობრები არც მეთანხმებოდნენ. პირად ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, იყო პრობლემები. ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ვხვდებოდი, რომ ძალიან ვვნებდი ჩემ თავს გარკვეული ურთიერთობებით. თუმცა, როგორც კი მკურნალობა დავიწყე მაშინვე ჩამოვშორდი ყველაფერ ტოქსიკურს, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უკეთესობისკენ. სამსახურში ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებოდი ჩემ საქმეს, თუმცა ბოლოს, დეპრესიის "პიკში" უკმაყოფილო ვიყავი სამსახურით და პოზიციით, ძალიან მიჭირდა ყოველ დღე 8 საათი სამუშაო ადგილას ყოფნა. ბევრჯერ საპირფარეშოში მიტირია და ისე შევბრუნებულვარ სამუშაოდ. ვხვდებოდი, რომ ვიტანჯებოდი და მიუხედავად ბევრი პასუხისმგებლობისა, წამოვედი სამსახურიდან და პირობა დავდე ჩემ თავთან, რომ არასდროს არ ვიმუშავებ ისეთ ადგილას და ისეთ პოზიციაზე რაც ჩემს ინტერესებს, უნარებს და ღირებულებებს სცდება. 

რა რეაქცია ჰქონდათ გარშემომყოფებს და თუ შეიცვალა, როგორ შეიცვალა მათი ქცევა მას შემდეგ, რაც შენი დიაგნოზის შესახებ გაიგეს?

ოჯახის წევრებისთვის, გარდა დედისა, დღემდე არც გამიმხელია ამ მდგომარეობის შესახებ. ძალიან ბევრს გაუკვირდა, რომ ამ სიტუაციაში ვიყავი და დღემდე ახალ ადამიანებს უჭირთ ამის დაჯერება. ალბათ იმიტომ, რომ მაშინაც კი, როდესაც ყველაზე ცუდად ვიყავი, არ ვაძლევდი თავს უფლებას ეს რამენაირად გამომეჩინა. ყოველთვის ყველაზე მოწესრიგებული, გაპრანჭული დავდიოდი ყველგან. თითქოს ყურადღება გადამქონდა, რომ არავის არ ეკითხა და არ შეემჩნია საკუთარ თავთან, რას ვგრძნობდი. მეგობრებისგან უდიდესი მხარდაჭერა მქონდა, ახლაც ვიცი, რომ ნებისმიერ დროს მზად არიან მომისმინონ და დამეხმარონ. 

რას ურჩევდი იმ ადამიანებს, რომლებიც შენ მიერ აღწერილ სიმპტომებს ამოიცნობენ საკუთარ თავში ან ოჯახის წევრში, მეგობარში, საყვარელ ადამიანში – რამდენად მნიშვნელოვანია სწრაფად მივიდნენ პროფესიონალთან?

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს გამოუტყდე იმაში, რომ ცუდად ხარ, რაღაც გაწუხებს და საჭიროა პროფესიონალს მიმართო. თუ ვინმე ატყობს, რომ მისი საყვარელი ადამიანი და ახლობელი დეპრესიაშია, აუცილებლად უნდა დაანახონ სიტუაცია გვერდიდან, კორექტულად და გასაგებად აუხსნან, რა შედეგების წინაშე შეიძლება დადგნენ - შესაძლოა, მდგომარეობის გამო დაკარგონ სამსახური, კარიერა, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია და რაც ყველაზე მთავარია, პიროვნება. ამიტომ, ეცადეთ ისაუბროთ პრობლემებზე, ვინმე სანდო პიროვნებას ყველაფერი მოუყვეთ, რაც გაწუხებთ, თუ განსჯის შიში გაქვთ ,თუნდაც უცხო ადამიანს მიმართოთ დასახმარებლად. ბევრად უფრო მარტივი ფსიქოლოგთან, ან ნებისმიერ პროფესიონალთან  საუბარი იმიტომაა, რომ ნაკლებად გაქვს ამ დროს სირცხვილის გრძნობა და განსჯის შიში. 

მჯერა, რომ ყველა ადამიანში არის ძალა დეპრესიის დასამარცხებლად, არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემა. ბუნებრივია, რომ ზოგჯერ ცუდი რაღაცები მოხდეს ცხოვრებაში, მაგრამ ბრძოლისუნარიანობა არ უნდა დავკარგოთ, რომ ყველა მომავალ ბედნიერებას ჩვენი საუკეთესო ვერსია დავახვედროთ წინ.