პოლიტიკური კრიზისი

ბუაძე: იმედი მაქვს, არ გახდება საჭირო 15 მაისის აქციის გამართვა

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ 15 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებული მასშტაბური აქციის გამართვა აღარ იქნება საჭირო, რადგან, ბუაძის განმარტებით, როდესაც წინსვლაა შეთანხმებისკენ, სახალხო პროტესტის აქტუალობა კლებულობს.

"ამ მოცემულობაში, ჯერჯერობით ვითარება არ შეცვლილა, ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები, გარდა შეთანხმების ხელის მოწერისა. ამიტომაც, ვიდრე შეთანხმების კრიტიკული ნაწილები არ იქნება შესრულებული, ეს აქცია რჩება ძალაში.

თუმცა, რასაკვირველია, როდესაც შეთანხმებისკენ მივდივართ, აქტუალობა მასშტაბური, სახალხო პროტესტისა კლებულობს და იმედი მაქვს, რომ არ გახდება საჭირო 15 მაისის აქციის გამართვა, იქამდე ყველა პუნქტი იქნება შესრულებული, კრიზისი კი – დასრულებული.

ყველაზე საკვანძო საკითხები ამ პროცესში არის პოლიტიკური დევნის დასრულება და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით გარანტიების მიღება, რომელიც ასევე გულისხმობს საარჩევნო რეფორმას, როგორც ადმინისტრაციის, ისე კანონმდებლობის. ეს თუ არ განხორციელდა მყისიერად, ის სულისკვეთება, რომელიც არსებობს ამ დოკუმენტში, სრულად ვერ იქნება გათავისებული". – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს საბა ბუაძე.

ოპოზიციამ 20 მარტს მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციური ლიდერები წინასაარჩევნო რეჟიმზე გადადიან და სხვადასხვა ქალაქსა, თუ რაიონში კარდაკარ კამპანიას ჩაატარებენ. 15 მაისს კი რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია დაიგეგმა.

გუშინ, 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ  ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს – საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), ტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრმა არმაზ ახვლედიანმა. 

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი,  "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები