პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: გუშინდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, ჰყავს გამარჯვებული ქართველი ხალხის სახით

ვფიქრობ, გუშინდელ დღეს, როცა ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ, კიდევ უფრო დავუახლოვდით ევროპას, დავუახლოვდით ევროკავშირს, ნატოს და ამისთვის იყო საჭირო ეს შეთანხმება. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, გუშინდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, გუშინდელ დღეს ჰყავს გამარჯვებული ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს სახით.

მინდა ვთხოვო ყველა კოლეგას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ნუ გავაკეთებთ არასწორ ინტერპრეტაციებს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ნერვები ჯერ კიდევ საკმაოდ დუღილის ტემპერატურაზეა და ჩვენი, ყველა პოლიტიკოსის ვალია, სწორად და კარგად ავხსნათ დოკუმენტის შინაარსი და არ დავამახინჯოთ არცერთი კონკრეტული კომპონენტი ამ დოკუმენტში.

მე მართლა გულწრფელად ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამდენი ცვლილება არცერთ ოპოზიციას არ მიუღწევია არცერთ სახელისუფლებო ძალასთან. როცა გავა წლები, ხალხი იმას კი არ შეაფასებს კონკრეტულად ვინ მოაწერა ან არ მოაწერა ამ დოკუმენტს ხელი, არამედ ხალხი იტყვის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აღმოაჩნდა იმდენი კულტურა, რომ წავიდეს შეთანხმებისკენ, წავიდეს მოლაპარაკებისკენ, რომ ამით სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო...

ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა.

კომენტარები