პოლიტიკური კრიზისი

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ პარტიებს, გამოიჩინონ გამბედაობა და ხელი მოაწერონ შეთანხმებას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ შეთავაზებასთან დაკავშირებით საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

"მივესალმებით პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მიმართულ პროგრესს.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებსაც ჯერ არ მოუწერია ხელი, გამოიჩინონ გამბედაობა და ხელი მოაწერონ შეთანხმებას, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური პროგრესის სასარგებლოდ". – წერია განცხადებაში.

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა, რომელზე ხელმოწერის მზადყოფნაც გამოთქვა ქართულმა ოცნებამ, ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, გირჩმა, გირჩი – მეტი თავისუფლებამ და რესპუბლიკურმა პარტიამ. 

სხვა პარტიებს ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მათ შორის არც ენმ-ს, თუმცა, პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დოკუმენტის შინაარსს არ იზიარებენ.

შარლ მიშელის ახალ შეთავაზებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ პარტიები დოკუმენტს ხელს მოაწერენ და პარლამენტში შევლენ, ხოლო აშშ-ევროკავშირი გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა, ის გიორგი რურუას შეიწყალებს.

კომენტარები