პოლიტიკური კრიზისი

ლიტვის საგარეო მინისტრი: უნდა დავრწმუნდეთ, რომ დოკუმენტს ორივე მხარე მოაწერს ხელს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს გამოეხმაურა. გაბრიელიუს ლანდსბერგისის თანახმად, ეს დოკუმენტი მხარდაჭერის გზავნილია და მას ორივე მხარემ ხელი უნდა მოაწეროს. 

"ჩვენი პირადი რწმენაა, რომ დოკუმენტი, რომელიც შემოთავაზებული იყო ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ და რომელსაც შესაძლოა, ხელი მოაწეროს საქართველოს ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ, არის წუხილის და მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი. ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ დოკუმენტს ორივე მხარე მოაწერს ხელს, მოგვიანებით კი შესაბამისი ზომები იქნება მიღებული და დოკუმენტში გაწერილი პირობები შესრულდება". – თქვა ლანსბერგისმა.

განცხადება გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის შეკრებამდე გააკეთა. კომიტეტი დღეს სხვადასხვა საერთაშორისო საკითხს, მათ შორის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს განიხილავს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

დოკუმენტი მოიცავს პუნქტს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ეკვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა.

კომენტარები