პოლიტიკური კრიზისი

სირცხვილია: ამნისტია არ გავრცელდეს დანაშაულზე, რომელიც 20 ივნისს საჯარო მოხელეებმა ჩაიდინეს

მოძრაობა სირცხვილია ოპოზიციასა და ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერონ, თუმცა მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ამნისტია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს იმ დანაშაულებზე, რომლებიც 2019 წლის 19-20 ივნისს ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საჯარო მოხელეების მიერ.

"ეს დოკუმენტი არის შანსი, პასუხი ვაგებინოთ ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ დამოუკიდებელ პროკურატურასა და სასამართლოს, თავისუფალ არჩევნებს და დემოკრატიული ქვეყნის სხვა უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს "კომპრომისად" განიხილავს. ოპოზიციას კი ეკისრება პასუხისმგებლობა, იბრძოლოს ვადამდელი არჩევნებისთვის თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვების გზით და თან დაამტკიცოს, რომ მისთვის ძალაუფლების დანაწილება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალაუფლება.

რაც შეეხება "გავრილოვის ღამეს": ჩვენი მოძრაობის პრინციპული პოზიციაა, რომ ამნისტია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საჯარო მოხელეების მიერ. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ძალის გამოყენებით დაარბია და დაასახიჩრა დემონსტრანტები და ის, ვინც ამის ბრძანება გასცა. შეთანხმება არ ითვალისწინებს ამნისტიის კონკრეტულ მუხლებს, ამიტომ ეს ნაწილი პარლამენტმა უნდა დაადგინოს, რა პროცესშიც ოპოზიცია უკომპრომისო უნდა იყოს.

გამომდინარე იქიდან, რომ მცირე კომპრომისზე წასვლა უკეთესი მომავლის გარანტად მიგვაჩნია, მოძრაობა სირცხვილია მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას". – ნათქვამია სირცხვილიას განცხადებაში. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

დოკუმენტი მოიცავს პუნქტს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ეკვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები