პოლიტიკური კრიზისი

მდინარაძე: ამ შეხვედრაზე არა ქართულ ოცნებასთან, არამედ ოპოზიციასთან იყო სალაპარაკო

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე იმედთან საუბრისას განმარტავს, რატომ არ იყვნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები შეხვედრაზე, რომელზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მხარეებს შეთანხმების ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მდინარაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე სალაპარაკო არა ქართულ ოცნებასთან, არამედ ოპოზიციასთან იყო. 

"იცით, რომ ჩვენი ხელმოწერა ევროკავშირის მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილ დოკუმენტზე უკვე დაფიქსირებულია, რაზეც სამწუხაროდ ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა. ანუ, დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც ქართულმა ოცნებამ უკვე მოაწერა ხელი.

პარტიის თავმჯდომარე არ იმყოფება საქართველოში, პრემიერმინისტრი თვითიზოლაციაშია. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია პოლიტსაბჭოს სხდომის და უმრავლესობის შეკრების სრულფასოვნად ჩატარება. როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, პოლიტსაბჭო და უმრავლესობა შეიკრიბება და გავახმოვანებთ პარტიის ერთიან პოზიციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, რატომ არ იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ ამის შესახებ პარტნიორები წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში და, ბუნებრივია, მათ ეს იცოდნენ. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ამ შეხვედრაზე არა ქართულ ოცნებასთან, არამედ სალაპარაკო იყო ოპოზიციასთან დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით". – ამბობს მდინარაძე იმედთან. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

დოკუმენტში შემოთავაზებლია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

დოკუმენტი ასევე მოიცავს პუნქტს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ეკვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილი მხარე ამნისტიის შესახებ კანონის ინიციატივით უნდა გამოვიდეს 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და ბრალდების შესახებ.

"შემდეგ ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ ხმა მისცენ საკანონმდებლო ცვლილებებს და საპარლამენტო წესების რეფორმას". – ნათქვამია დოკუმენტში. 


ქართულმა ოცნებამ მოლაპარაკებების წინა რაუნდისთვის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები