როგორც ვაშაძე ამბობს, მათი კონკრეტული მოთხოვნა კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებია. მისივე თქმით, შეხვედრაზე მედიატორების მიერ იქნება წარმოდგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება.
"მე გუნდთან ერთად შეთანხმების მომხრე ვარ, მაგრამ შეთანხმება ვერ იქნება ისე, რომ აბსოლუტურად, ნებისმიერ საკითხზე ვთანხმდებით. ამიტომ, დაველოდოთ, რამდენიმე საათი დარჩა, პროცესი რომ მძიმეა, მიუთითებს ისიც, რომ შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო.
მე ველი, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და მე ველი, რომ რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა იქნება. ეს არის ძალიან კონკრეტულად ის, რაზეც ჩვენ შევთანხმდით შარლ მიშელის ვიზიტის დროს, რომ ამ საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ. როგორ, რანაირად, რა ტექნიკით, ეს უკვე სწორედ შეხვედრის დროს ვიმსჯელებთ და ჩამოვყალიბდებით, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ამ შეხვედრაზე რომ მივალთ იქ ფართო მანევრის შესაძლებლობა აღარ იქნება. იქ იქნება ფართო დოკუმენტი წარმოდგენილი მედიატორების მხრიდან, რომელზეც მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება". - ამბობს ვაშაძე.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წევრებს შორის შეხვედრა იწყება. 14:00 საათზე დანიშნული შეხვედრა ჯერ 17:00 საათამდე, შემდეგ კი 19:00 საათამდე გადაიდო.
მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დაესწრებიან.
16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად მოაწერს. ოპოზიციის წევრები კი ამბობენ, რომ დოკუმენტს, რომელშიც ვადამდელი არჩევნების საკითხი არ არის და პოლიტიკური პატიმრების შესახებ პუნქტი ბუნდოვანია, ხელს არ მოაწერენ.





