ჰოლივუდი

საინტერესო ფაქტები ცნობილი ფილმების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, არ იცოდით

Tabula

წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ლეგენდარული ფილმების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, არ იცოდით.

Godfather-ის სცენარში კატა, რომელიც ვიტო კორლეონეს ერთ-ერთ სცენაში კალთაში უზის, საერთოდ არ ფიგურირებს. მარლონ ბრანდომ გადასაღებ მოედანზე კატა იპოვა, რომელიც ლეგენდარული სცენის მონაწილე სრულიად შემთხვევით გახდა.

Guardians of Galaxy-ს გადაღებისას კრის პრატმა რამდენიმე სცენა გააფუჭა. ბლასტერის ხმარებისას მსახიობი "პიუ პიუ" ხმების გამოცემისგან თავს ვერ იკავებდა.

"კრისტოფერ ლის პერსონაჟის, სარუმანის სიკვდილის სცენას ვიღებდით. მას ზურგში დანას ურტყამენ, როგორც რეჟისორს, მე უნდა ამეხსნა მსახიობისთვის, როგორ ეთამაშა. მან მკითხა, "პიტერ, ოდესმე გსმენია ადამიანის ხმა, რომელსაც ზურგში დანას ურტყამენ?" ვუპასუხე - "არა", მან გააგრძელა, "მე კი მსმენია, ასე რომ ვიცი, რაც უნდა გავაკეთო". - იხსენებს Lord of The Rings-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ ამბავს პიტერ ჯექსონი.

კრისტოფერ ლი მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანული საიდუმლო სამხედრო ოპერაციების მონაწილე იყო.

Leon-ის ფინალური ბრძოლის სცენის გადასაღებ მოედანთან ახლოს რეალური ძარცვა მოხდა. გარეთ გამოსულ მძარცველს შეიარაღებული მსახიობები რეალური სპეცრაზმელები ეგონა, შეშინებული დამნაშავე გადაცმულ მსახიობებს ჩაბარდა. 

რობერტ დაუნი ჯუნიორი Avengers-ზე მუშაობისას გადასაღებ მოედანზე სნექებს მალავდა და დუბლებს შორის ჭამდა. გადამღები ჯგუფი ვერასდროს პოულობდა მსახიობის მიერ დამალულ საჭმელს.

თავდაპირველი სცენარის მიხედვით, ინდიანა ჯონსი ხმლიან კაცს მუშტებით უნდა შებრძოლებოდა, სცენის გადაღებებისთვის 3 დღე იყო გამოყოფილი, მაგრამ ჰარისონ ფორდი შეუძლოდ გახდა და სტივენ სპილბერგს ორიგინალური გამოსავალი შესთავაზა, საბოლოო ჯამში ფრენჩაიზის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და სასაცილო ეპიზოდი ასეთი გამოვიდა:

Shining-ის ბავშვმა, მსახიობმა დენი ედვარდ ლოიდმა არ იცოდა, რომ ჰორორში მონაწილეობს.

Dark Knight-ის ერთ-ერთ ეპიზოდში ჰიტ ლეჯერის ჯოკერი ჰოსპიტალიდან გამოდის და შენობას აფეთქებს. ტექნიკური ხარვეზის გამო აფეთქებების სერია მოულოდნელად შეწყდა, ლეჯერმა კი დეტონატორის "წვალება" დაიწყო. იმპროვიზაციით აღფრთოვანებულმა ნოლანმა სცენა უცვლელად დატოვა.

მეთ დეიმონის გარდა, Saving Private Ryan-ის სრულმა სამსახიობო შემადგენლობამ გადაღებების წინ სპეციალური სამხედრო წრთვნები გაიარა.

Goodfellas-ის ამ სცენაში მსახიობები ფილმის რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს დედის მიერ მომზადებულ პასტას მიირთმევენ.

Alien: Resurrection-ის სცენაში სიგურნი უივერმა სამქულიანი ბურთი უკანმოუხედავად მართლა ჩააგდო, ასე რონ პერლმანის სახეზე აღბეჭდილი რეაქცია რეალურია. 

დარტ ვეიდერისა და ლუკ სკაიოუოკერის მამა-შვილობის ამბავი Empire Strikes Back-ის გადასაღებ მოედანზე მხოლოდ ლუკის როლის შემსრულებელმა, მარკ ჰემილმა იცოდა. ვეიდერი რეალურად ფრაზას  "ლუკ, ობი-ვანმა მოკლა მამაშენი" ამბობს. "ლუკ, მე მამაშენი ვარ" სამსახიობო გუნდმა სხვა მაყურებლებთან ერთად პირველად კინოთეატრში მოისმინა.

კომენტარები