პოლიტიკური კრიზისი

შაჰინი/ჯონსონი: აუცილებელია მოლაპარაკება ორივე მხარემ კეთილსინდისიერად აწარმოოს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის დასრულების შემდეგ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარე ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა უფროსმა წევრმა სენატორმა რონ ჯონსონმა ამერიკის ხმას წერილობითი კომენტარი მისცეს.

სენატორები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად, აშშ-სა და ევროკავშირთან კოორდინაციით აწარმოოს. 

"სენატორები იმედს იტოვებენ, რომ იხილავენ მიმდინარე პოლიტიკური ჩიხიდან სწრაფ გამოსავალს იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად". – ნათქვამია განცხადებაში. 

12 აპრილს აშშ-ში ქართული ოცნების დელეგაცია გაფრინდა. ვიზიტი 16 აპრილს დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში ქართული ოცნების დელეგაცია შეხვდა სენატორებს – ჯინ შაჰინის, რონ ჯონსონს, ჯეიმს რიშს, კრის ვან ჰოლენს, კონგრესმენებს – ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის. შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან, ჯორჯ კენტთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის დეპარტამენტის დირექტორს, კრის სმითსთან. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა NDI-ის, IRI-ის, NED-ისა და IFES-ის პრეზიდენტებთან.

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები