პოლიტიკური კრიზისი

აშშ: ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორი აღწერით იმედგაცრუებულები ვართ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურო ევროპასა და აზიაში Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.

"ქართველი ხალხი იმსახურებს ორივე მხარის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ მიღწეულ კომპრომისს. ეს არის ერთადაერთი გზა ქვეყნის წინსვლისთვის. ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორი აღწერით იმედგაცრუებულები ვართ." -  ვკითხულობთ განცხადებაში. 

12 აპრილს აშშ-ში ქართული ოცნების დელეგაცია გაფრინდა. ვიზიტი 16 აპრილს დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში ქართული ოცნების დელეგაცია შეხვდა სენატორებს - ჯინ შაჰინის, რონ ჯონსონს, ჯეიმს რიშს, კრის ვან ჰოლენს, კონგრესმენებს - ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის. შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან, ჯორჯ კენტთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის დეპარტამენტის დირექტორს, კრის სმითსთან. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა NDI-ის, IRI-ის, NED-ისა და IFES-ის პრეზიდენტებთან.

"პარტნიორებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია რეგიონში და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური დიალოგის პროცესზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებების მოსმენა. ბუნებრივია, მათ მოსაზრებებსა და რჩევებს გავითვალისწინებთ შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას" - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 23 მარტს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერის მოსმენა გაიმართა. სხდომაზე შეაფასეს და განიხილეს დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში.

სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი გაუძღვა. შაჰინი მრავალი წელია, რაც საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას აკვირდება და ეხმიანება. მოსმენის პროცესში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეებმა - ჯორჯ კენტმა და კარა მაკდონალდმა.

ვრცლად იხილეთ:

კომენტარები